პენიტენციურ დაწესებულებებში სპორტის მართვის სტრატეგიის ფარგლებში, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ჭადრაკში ნონა გაფრინდაშვილი №16 და №12 პენიტენციური დაწესებულებების მსჯავრდადებულთა შორის შიდა საჭადრაკო ტურნირის გამარჯვებულებს შეხვდა და მასტერკლასი ჩაატარა.
მსოფლიო ჩემპიონმა მსჯავრდადებულებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და გამარჯვებულებს სიგელები გადასცა. შეხვედრას სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი ნიკა ცხვარაშვილი, უწყების წარმომადგენლები და საქართველოს შოთა რუსთაველის საზოგადოების წევრები ესწრებოდნენ.
პენიტენციურ დაწესებულებებში სპორტის მართვის სტრატეგია იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის ინიციატივით დაინერგა. პროექტის ფარგლებში, ბრალდებულებს/მსჯავრდადებულებს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისა და რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის ხელშეწყობის მიზნით შესაძლებლობა აქვთ, დაეუფლონ სპორტულ განათლებას, მონაწილეობა მიიღონ სპორტულ ტურნირებში და დაკავდნენ სპორტის სხვადასხვა სახეობით.