გუშინ, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა და სახემ, ქვემო ქართლის ყოფილმა გუბერნატორმა, თავის დროზე საბჭოთა უშიშროების ეფრეიტორ მიხეილ სააკაშვილის მიერ ჯარისკაცის ცემის გამო გმირად შერაცხულმა დავით კირკიტაძემ, პირდაპირ ეთერში აღიარა, რომ მისი გუბერნატორობის პერიოდში ქონების ჩამორთმევა და მოქალაქეების უკანონოდ დაკავება განსაკუთრებულად მძიმე ფორმებში ხდებოდა. დავით კირკიტაძემ ყოფილი ხელისუფლების ამ დანაშაულს მხოლოდ შეცდომა უწოდა და თავი გაიმართლა იმით, რომ ეს ადამიანები დღეს წარმოადგენენ ხელისუფლებას. კერძოდ, ერთი არის ქვემო ქართლის გუბერნატორი, ხოლო მეორე "ქართული ოცნების" სიის 45-ე ნომერი და რუსთავ-გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის საარჩევნო შტაბის უფროსი.
"მინდა მივმართო პროკურატურას,დაუყონებლივ დაიწყოს გამოძიება ზემოთ აღნიშნული განცხადების გადამოწმების მიზნით, როგორც კირკიტაძის, ასევე უშუალო შემსრულებლების პასუხისმგებლობის გამოკვეთის მიზნით. ხოლო ქართული ოცნების პოლიტიკურ ხელმძღვანებლობას ვთხოვთ, გააკეთონ განმარტება თუ რა არის მიზეზი ასეთი ადამიანების ხელისუფლების სათავეებთან ყოფნისა",- განაცხადა "პატრიოტთა ალიანსის" მაჟორიტარობის კანდიდატმა პაატა ჯიბლაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.