24.11.2024 | 21:42
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
პარლამენტმა "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტი მეორე მოსმენაზე დააბრუნა

პარლამენტმა "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონის პროექტი, რომელიც ორი მოსმენით იყო მიღებული, მესამე მოსმენიდან კვლავ მეორე მოსმენაზე - მის მუხლობრივ განხილვაზე დააბრუნა.

როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განმარტა, ამის მოტივია ვენეციის კომისიის მიერ გამოქვეყნებული დასკვნაა.

"ჩვენი ამოცანაა დოკუმენტზე საკომიტეტო მსჯელობა გავაგრძელოთ და დავაზუსტოთ საკითხები, რაც ვენეციის კომისიის შეფასებით, დაზუსტებას და გამართვას საჭიროებს", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

პარლამენტმა "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონის პროექტი მეორე მოსმენით - მუხლობრივად ნოემბერში განიხილა და მიიღო. პროექტი შემუშავებულია ანალოგიური შინაარსის მქონე უკრაინის კანონის მაგალითზე და არსობრივად იმეორებს უკრაინის კანონის ნორმებს.

რაც შეეხება ვენეციის კომისიის დასკვნას, მისი შეფასებით, საჯარო განცხადებების ფონზე საქართველოს დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი დიდ რისკს შეიცავს, რომ მიღების შემდეგ იგი ოპოზიციაზე გავრცელდება.

ვენეციის კომისიის შუალედურ დასკვნაში აღნიშნავს, რომ დეოლიგარქიზაციის საკითხისადმი ორი მიდგომა არსებობს. პირველია სისტემური მიდგომა, რომელსაც პრევენციული ეფექტი აქვს და ბევრ სფეროს ეხება, მაგალითად მედიასთან დაკავშირებულ კანონმდებლობას, ანტიმონოპოლიას, პოლიტიკურ პარტიებს, არჩევნებს, გადასახადებს, კორუფციისა და ფულის გათეთრების საწინააღმდეგო სფეროებს.

მეორეა "პერსონალური" მიდგომა, რომელიც მიზანში იღებს ხალხს, რომლებიც გარკვეული კრიტერიუმების შესაბამისად (სიმდიდრე, მედიის ფლობა) შესაძლოა "ოლიგარქებად" კვალიფიცირდნენ. ასეთი მიდგომა ამ ხალხის მიერ ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაზე გავლენის შესაძლებლობას ზღუდავს.

ვენეციის კომისიის თანახმად, "პერსონალურ" მიდგომას უფრო სადამსჯელო ხასიათი აქვს და ადამიანის რამდენიმე უფლების დარღვევის რისკს იწვევს, თუ სათანადო დონის სასამართლო პროცესის გარანტიები არ არსებობს.

ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ უპირატესობას სისტემურ მიდგომას ანიჭებს, მაშინ როდესაც საქართველოს მიერ წარდგენილი კანონპროექტი "პერსონალურ" მიდგომას ეყრდნობა.

"ვენეციის კომისია სისტემურ მიდგომას უფრო ემხრობა, რომელიც კანონმდებლობისა და სხვადასხვა სექტორში მომუშავე ინსტიტუტების გაძლიერებას მოიცავს, და მათ შორის ეფექტური თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების საშუალებას იძლევა", - წერია ვენეციის კომისიის დასკვნაში.

ვენეციის კომისია კატეგორიულად არ უარყოფს "პერსონალური" მიდგომის ყველა ელემენტს, მაგრამ აღნიშნავს, რომ ასეთი მიდგომა მყარ პროცედურულ გარანტიებს საჭიროებს, რათა ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დარღვევების პრევენცია მოხდეს.

"ზემოთ ჩამოთვლილი საკითხებისა და მაღალი რისკების გათვალისწინებით, ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ [საქართველოს] კანონპროექტში მიღებული "პერსონალური მიდგომა", რომელიც გაურკვეველი კრიტერიუმების საფუძველზე განსაზღვრავს პირებს და მათ სტიგმატიზაციას ახდენს, დიდ რისკს მოიცავს, რომ დასახული მიზნების მიღწევის ნაცვლად მოხდება ადამიანის უფლებების დარღვევა. კანონის თვითნებური გამოყენების რისკი კიდევ უფრო მაღალია საჯარო განცხადებების ფონზე, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მიღების შემდეგ იგი ოპოზიციაზე გავრცელდება", - წერია დასკვნაში.

დღის გადაცემები