24.11.2024 | 21:41
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
"პატრიოტთა ალიანსის" წინასაარჩევნო პროგრამა

   ძლიერი სახელმწიფოს შენების ერთ-ერთი მთავარი გზა ეკონომიკის განვითარება, საზოგადოებისთვის შემოსავლის გაჩენაზე ზრუნვა და ქვეყანაში არსებული პრობლემების მოგვარებაა. სწორედ ამას ისახავს მიზნად "პატრიოტთა ალიანსის" საარჩევნო პროგრამა. პარტიამ შეიმუშავა გეგმა, თუ როგორ უნდა მოხდეს სოფლის მეურნეობის სტიმულირება და როგორ  შეიძლება შეცვალოს ადგილობრივმა წარმოებამ იმპორტირებული პროდუქტი. "პატრიოტთა ალიანსის" გეგმის მიხედვით,  სწორი ეკონომიკური პოლიტიკის პარალელურად შეიქმნება მცირე ბიზნესები, რომლებსაც სურვილისამებრ ოჯახები აწარმოებენ. პარტიის  ეკონომიკური გეგმები ციფრული ეკონომიკის განვითარებასაც ისახავს მიზნად.

 

  ეკონომიკური კრიზისის დაძლევასთან ერთად ქვეყანაში არსებული სოციალური ფონის გაუმჯობესების მიზნით "პატრიოტთა ალიანსმა" რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი შეიმუშავა. საქართველოს მოსახლეობის მძიმე მდგომარეობიდან გამოსაყვანად საარჩევნო პროგრამის ფარგლებში პენსია მყარი ვალუტის ეკვივალენტი უნდა იყოს და მის გაუფასურებასთან ერთად პენსიაც გაიზარდოს.

 

  პარტიის საარჩვნო პროგრამა ასევე  მუნიციპალურ ბინათმშენებლობას ითვალისწინებს, რომლისთვისაც ბიუჯეტიდან  ხუთი პროცენტი  გამოიყოფა და რომლის მიხედვითაც, უსახლკარო მოქალაქეები ხუთიდან შვიდ წლამდე ინტერვალში საცხოვრებელ სახლებს მიიღებენ. პატრიოტების  აზრით, სოციალური ფონის გასაჯანსაღებლად და გაჭირვებული ოჯახების დასახმარებლად საჭიროა სოციალური შემწეობების გადახედვაც და მისი მოსახლეობაზე მაქსიმალურად მორგება. "პატრიოტთა ალიანსის" მცხეთა მთიანეთის მაჟორიტარი-დეპუტატობის კანდიდატის განმარტებით, პარტია  დღის წესრიგში საზოგადოების დაკარგული ანაბრების დაბრუნებასაც დააყენებს.

 

 ეკონომიკური პოლიტიკის მოწესრიგების პარალელურად "პატრიოტთა ალიანსის" საარჩევნო პროგრამაში, წლების განმავლობაში ხელისუფლებების მიერ დამკვიდრებული ტენდენციის, უსამართლობის აღმოფხვრაც შედის. მორალური ზიანი, რომელიც ქვეყნის მოსახლეობამ 2003 წლიდან 2012 წლამდე საკუთარ თავზე გამოსცადა და ოჯახებს, რომლებიც სააკაშვილ-ბოკერიას ჯალათი ხელისუფლების უშუალო მსხვერპლი გახდნენ, ცხოვრება დღემდე უსამართლობის განცდით უწევთ.  "პატრიოტთა ალიანსის" საარჩევნო პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ "ართული ოცნების" დაპირებული და ვერ შესრულებული სამართლიანობის აღდგენაა.  დღემდე, სისხლიანი რეჟიმის ფარგლებში ჩადენილი დანაშაულების  დიდი ნაწილი გამოუძიებელია, პარტიის  გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატის განცხადებით,  "პატრიოტთა ალიანსის" გუნდის წევრებმა ყოფილი ხელისუფლების სასტიკი რეჟიმი საკუთარ თავზე გამოსცადეს, ამასთან ერთად პარტიის წევრებს აქვთ კომპეტენცია ქვეყანაში სამართლიანობა ერთხელ და სამუდამოდ აღადგინონ, ამისთვის კი მხოლოდ პოლიტიკური ნებაა საჭიროა. მერაბ ჭიქაშვილი განმარტავს, რომ დამნაშავეების შესაბამისად დასჯისათვის  ქვეყანაში კანონიერი სასამართლო უნდა არსებობდეს.  

 

 ქვეყნის შიგნით სამართლიანობის აღდგენასთან, ეკონომიკის განვითარებისა და მშვიდობის დამყარებასთან ერთად "პატრიოტთა ალიანსის" საარჩევნო პროგრამაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ქვეყნის საგარეო კურსის განვითარებას და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. პარტიის მაჟორიტარი-დეპუტატობის კანდიდატები უპირატესობას სამშობლოს ინტერესების სადარაჯოზე დგომას ანიჭებენ. "პატრიოტთა ალიანსი" ფიქრობს, რომ  საქართველოს ხვალინდელი კეთილდღეობის ვექტორი სამხედრო ნეიტრალიტეტზე გადის, დეპუტატთა განმარტებით ეს ყარაბაღის ომში საქართველოს პოზიციამ უკვე დაამტკიცა. "პატრიოტთა ალიანსის" ვაკის მაჟორიტარი-დეპუტატობის კანდიდატი ყურადღებას ქვეყნის გამთლიანებაზე ამახვილებს, ნანა დევდარიანის განმარტებით, საჭიროა ისეთი სახელმწიფოს ჩამოყალიბება, რომელშიც აფხაზებსა და ოსებს საკუთარი ადგილი ექნებათ და, სადაც მათ  ყოფნა ენდომებათ.  რაც შეეხება, ქვეყნის საგარეო პოლიტიკას "პატრიოტთა ალიანსის" სამგორის მაჟორიტარი-დეპუტატობის კანდიდატი განმარტავს, რომ სამხედრო მიუმხრობლობა საქართველოს ყველანაირ სამხედრო დაპირისპირებას ააცილებს თავიდან, სხვა ქვეყნებთან კი სამშვიდობო ურთიერთობების განვითარებას შეუწყობს ხელს.

 

ყველა თანხმდება იმაზე, რომ  განათლებული   ახალგაზრდების  გარეშე ქვეყნის აღმშენებლობა წინ ვერ წავა.  ქვეყნის მთავარ ოპოზიციურ ძალას ამ მიმართულებით საკმაოდ ვრცელი და მრავლისმომცველი გეგმა აქვს. "პატრიოტთა ალიანსის" წინასაარჩევნო პროგრამის მიხედვით,  ერთ-ერთი   პრიორიტეტული საკითხი სწორედ განათლებაა.  უფრო კონკრეტულად   პარტია სკოლამდელი და სკოლის მოსწავლეებისთვის   სწავლის საფასურის  გაუქმებას გეგმავს. გარდა ამისა,  პატრიოტების გამარჯვების შემდეგ  უნივერსიტეტებში სწავლა  პირველ სამ კურსზე უფასო გახდება.  კვალიფიკაციის ასამაღლებლად კი ახალგარზდები  ისეთ ადგილებში წავლენ,    როგორიც  მაგალითად - ევროპა და იაპონიაა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დღის გადაცემები