პენტაგონის პრეს-მდივნის მოადგილემ, საბრინა სინგჰმა განაცხადა, რომ ჩინეთისთვის შედეგები დადგება, თუ ის რუსეთს ლეტალურ სამხედრო დახმარებას გაუწევს.
"ჩვენ არ გვინახავს, რომ ჩინეთმა ლეტალური (სამხედრო) დახმარება გაუწია რუსეთს ომისთვის, თუმცა ასევე არ მოუხსნიათ ეს საკითხი დღის წესრიგიდან. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვიყავით თანმიმდევრულნი. (სახელმწიფო) მდივანი ბლინკენი ასევე შეხვდა თავის კოლეგას გერმანიაში გასულ კვირას. ჩვენ განვაცხადეთ, რომ შედეგები დადგება ჩინეთისთვის, თუ ეს პარტნიორობა რუსეთთან კიდევ უფრო გაღრმავდება" - აღნიშნა პენტაგონის პრეს-მდივნის მოადგილემ.
20 თებერვალს, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირისთვის წითელი ხაზი იქნება, თუ ჩინეთი რუსეთს იარაღს გაუგზავნის.
გასულ კვირას, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ ღრმად შეშფოთებულია, რომ ჩინეთი რუსეთისთვის ლეტალური დახმარების გაწევას პოტენციურად განიხილავს.