კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ევროკავშირის მიერ რუსული გაზის ფასზე ზედა ზღვარის დაწესება მიუღებელია.
"ეს არის ფასწარმოქმნის საბაზრო პროცესის დარღვევა, მისი ხელყოფა. ეს მიუღებელია. დადებითი და უარყოფითი მხარეების გულდასმით აწონვას დრო დასჭირდება",- აღნიშნა დიმიტრი პესკოვმა.
მანამდე სააგენტო Reuters-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრები რუსული გაზის ფასის ზედა ზღვარზე შეთანხმდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრები შეთანხმდნენ რუსული გაზის ფასი 180 ევროს დონეზე შეიზღუდოს.
ზედა ზღვარის ამოქმედება შესაძლებელია 2023 წლის 15 თებერვლიდან. შეთანხმება ოფიციალურად დამტკიცდება ქვეყნების მიერ წერილობით, რის შემდეგაც ის ძალაში შევა.
რუსული გაზის ფასზე ზედა ზღვარის შემოღების მიზანი ენერგეტიკული კრიზისის შედეგების შერბილებაა.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა, რომ აღნიშნული ზომა "ბოლოს მოუღებს რუსეთის მიერ ბაზრის მანიპულაციას".