დღეს პირველად, სალხინოს მამათა მონასტერში წირვა ხმაურის და დაპირისპირების გარეშე ჩატარდა. გუშინ მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ, ამბიონზე მეუფე სტეფანეს მიერ დანიშნული წინამძღვარი ავიდა. დაპირისპირებაში მონაწილე სასულიერო პირების ნაწილი ჭყონდიდის წინამძღვრისთვის შენდობის თხოვნას არ აპირებს.
მეუფე სტეფანემ საგანგებო განცხადებაში აღნიშნა, რომ ეკლესიიდან განკვეთს 3 სასულიერო პირს, რომლებიც სალხინოს ტაძარში მომხდარ დაპირისპირებაში მთავარ როლს ასრულებდნენ, თუ ისინი ამ ქმედებას საჯაროდ არ მოინანიებენ.
"რადგან საჭირო გახდა, რომ უფრო მტკიცე ზომები მივიღო, სხვა გზა არ დამრჩენია, დღეს ვაცხადებ და შაბათს უკვე აღვასრულებ: თუ იღუმენი დანიელი არ მოინანიებს ამ ამბოხს და ამ ეკლესიის წინააღმდეგ მიმართულ მოქმედებებს, გადაწყვეტილებას ვიღებ, რომ უნდა განვკვეთო ეს ადამიანი და დაიყვანება მონაზვნობამდე, თუ არ მოინანიებს. შაბათს ვიქნები თამაკონში, მოვიდეს და გამოაცხადოს საქვეყნოდ სინანული.
ასევე, დიაკონ ანანიასა და ბერდიაკონ პეტრე ღუდუშაურს განვკვეთ თუ არ მოინანიებენ. იქ იყო ერთი ბერმონაზონი, რომელსაც სამღვდელო ხარისხი არ გააჩნია და თუ ისიც არ შეწყვეტს, მივიღებ ზომებს", - განაცხადა მეუფე სტეფანემ.