შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა თბილისში, აჭარაში, გურიაში, იმერეთში, ქვემო ქართლსა და შიდა ქართლში, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკები ამოიღეს.
დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე არაერთი ფარული საგამოძიებო მოქმედება ჩაატარეს, რითაც დადგინდა, რომ ბრალდებული ნარკორეალიზატორები ნარკოტიკულ საშუალებებს სისტემატურად ყიდდნენ.
პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო გასაღებისთვის დაკავებული პირებისგან, ასევე მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.
სამართალდამცველებმა თბილისში, აჭარაში, გურიაში, იმერეთში, ქვემო ქართლსა და შიდა ქართლში, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკები ამოიღეს.
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, იმერეთის პოლიციის და თბილისის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, დაკავებული ნარკორეალიზატორების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ დაფასოებული სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და სავარაუდოდ, ნარკოტიკების გაყიდვის შედეგად მიღებული ფული.
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ბრალდებულების: მ.ჭ.-ს და მ.მ. -ს მიერ 25 ლოკაციაზე სარეალიზაციოდ განთავსებული ნარკოტიკული საშუალება "ალფა პვპ" ამოიღეს.
გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, უცხო ქვეყნის მოქალაქის - ე.ი.-ს პირადი და ავტომობილის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს: განსაკუთრებით დიდი ოდენობით "კოკაინი", "მეტამფეტამინი" , "თებაინი", ასევე, ფსიქოტროპული ნივთიერება და სხვა სახის ნარკოტიკები.
აჭარის პოლიციამ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული ოპერატიული ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოში გამოგზავნილი ამანათის კონტროლირებადი მიწოდება განახორციელა, რის შემდეგაც ე.ე. ბრალდებულის სახით დააკავეს. ნივთმტკიცების სახით პოლიციამ 560 აბი "სუბუტექსი" ამოიღო.
რაც შეეხება აჭარაში ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ გ.ჟ.-ს, პოლიციამ, მისი პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღო დიდი ოდენობით "ჰეროინი". ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე "კანაფი", გამომშრალი მარიხუანა, 2 რევოლვერი და ვაზნები.
გურიისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა წარსულში ნასამართლევი ნ.ბ.-სგან, რომელიც ავტომანქანით გადაადგილებისას დააკავეს, ნივთმტკიცებად ამოიღეს: 6 შეკვრად დაფასოებული ჰეროინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება - ე.წ. სირეცი, 5 აბი "სუბოქსინი", ე.წ. სირეცით სავსე 3 ფლაკონი და 3 მცირე ზომის ელექტროსასწორი.
შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი ტ.კ.-ის საცხოვრებელ სახლში, ეზოსა და დამხმარე სათავსოებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, 43 კილოგრამი კანაფი, ასევე, 813 გრამი გამომშრალი „მარიხუანა“ ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
ნარკოდანაშაულის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე, 19-260-ე, 262-ე, 265-ე, 276-ე, 236-ე და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ქვეყანაში ნარკოტიკების გავრცელების და ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას აქტიურად განაგრძობს",- აღნიშნავენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.