ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კატარის ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა.
"უკრაინამდე იყო საქართველო. 2008 წელს რუსეთი შემოიჭრა საქართველოში და მოახდინა ჩვენი ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია. 20% დღემდე ოკუპირებულია. რუსეთის ჯარები ჩვენს ტერიტორიაზე იმყოფება. მათთან ერთად თანავცხოვრობთ. ეს არის რეალობა. მიმდინარე ოკუპაციაა. მინდა ყველას გავახსენო, რომ იმ დროს, 2008 წელს მსოფლიოში არავის საკმარისი ყურადღება არ გამოუხატავს. სუვერენული სახელმწიფო, დამოუკიდებელი საქართველო იყო რუსეთის აგრესიის წინაშე და არანაირი ადეკვატური, სწორი რეაქცია არ ჰქონია მსოფლიოს. რუსეთს არანაირი სანქციები არ დაუწესდა. ამიტომ 2014 წელს მსოფლიოს გაუკვირდა, როდესაც ყირიმის ანექსია მოხდა, სულ ახლახან 2022 წელს დავინახეთ სრულმასშტაბიანი შემოსევა უკრაინაში რუსეთის მხრიდან.
რომ ვუპასუხო კითხვას, სად არის საქართველო ამ სიტუაციაში - იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო ოკუპირებულია და რუსეთის ჯარებთან ერთად ვცხოვრობთ, ამ სიტუაციაში მოწყვლადი ვართ. გვაღელვებს ჩვენი ერისა და ხალხის უსაფრთხოება. უკრაინას პოლიტიკურად მხარს ვუჭერთ ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე - გაერო, ეუთო. 260 რეზოლუციას შევუერთდით“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველო არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც რუსეთს ეკონომიკური სანქციები არ დაუწესა.
"მკაფიოდ ვთქვით, რომ ინდივიდუალურად კომპანიებს არ ექნებათ სანქციებისგან თავის არიდების შესაძლებლობა. მთავრობამ ეროვნულმა ბანკთან ერთად ერთ კვირაში ვმართეთ და გადავწყვიტეთ ეს საკითხი, მაგრამ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ ჩვენ, ქართველები ეროვნულ ეკონომიკურ სანქციებს ვერ დავუწესებთ რუსეთს, რადგან ჩვენი ეროვნული ინტერესები გვაქვს - საკუთარი უსაფრთხოებისა და ეკონომიკური გამოწვევები. ეს არის ჩვენი მოტივაცია. საქართველო არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც არ დაუწესა ეროვნული ეკონომიკური სანქციები რუსეთს უსაფრთხოების გამო. მე, როგორც მთავრობის მეთაური, უნდა ვფიქრობდე ჩვენი ხალხი უსაფრთხოებაზე. რა თქმა უნდა, პოლიტიკურად საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად ვდგავართ, სრულ კოორდინაციაში ვართ პარტნიორებთან.
მაგალითად, მოლდოვა რომ ავიღოთ, კიდევ ერთი ქვეყანა ასოცირებულ ტრიოში, მან არ დაუწესა ეკონომიკური სანქციები რუსეთს ძალიან ბუნებრივი მიზეზების გამო, შეიძლება მეტი უსაფრთხოების გამოწვევა აქვს მას", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა