საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაულის კიდევ ერთი ფაქტი გამოავლინა და ლატვიის რესპუბლიკის მოქალაქის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, სამ პირს ბრალდება წარუდგინა.
ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ,,ევრობანკ კვიპროსის“ სახელით მოქმედმა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა სატელეფონო კომუნიკაცია დაამყარეს წარსულში ონლაინ-ვაჭრობით დაზარალებულ ლატვიის რესპუბლიკის მოქალაქესთან. ბრალდებულებმა თითქოსდა დაკარგული თანხების დაბრუნების და დამატებით მოგების მიღების პირობით, დაზარალებულს 26.320 ევრო და 6.500 აშშ დოლარი (95 723 ექვივალენტი ლარში), მათ მიერვე საქართველოში გახსნილ საბანკო ანგარიშებზე ჩაარიცხინეს. აღნიშნული თანხა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს.
დანაშაულის ჩამდენ პირებს ბრალდება სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით თაღლითობა ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) წარედგინათ.
პროკურატურამ ბრალდებულთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით - პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით, სასამართლოს უკვე მიმართა.
საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს. პროკურატურა აქტიურად აგრძელებს გამოძიებას დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, ასევე ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა პირების გამოვლენის და მხილების მიზნით",- ნათქვამია ინფორმაციაში.