27.11.2024 | 16:35
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
რატი ბრეგაძე: "როდესაც რადიკალური ძალები ცდილობენ სახელმწიფოს იმიჯის შელახვას, ჩვენ გვაქვს ლეგიტიმური მიზანი, საზოგადოება იყოს სწორად ინფორმირებული იმის შესახებ, რომ ამ ქვეყანაში არავის აწამებენ"

როდესაც რადიკალური ძალები ცდილობენ სახელმწიფოს იმიჯის შელახვას, ჩვენ გვაქვს ლეგიტიმური მიზანი, რომ საზოგადოება იყოს სწორად ინფორმირებული იმის შესახებ, რომ ამ სახელმწიფოში არავის აწამებენ , - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვიდეოკადრების გასაჯაროების თაობაზე განაცხადა.

რატი ბრეგაძის განცხადებით, სახელმწიფო მაქსიმალურად ცდილობს, რომ მიხეილ სააკაშვილის უფლებები იყოს დაცული.

ბრეგაძემ განმარტა მიზეზები, რის გამოც სააკაშვილის კადრების გავრცელების გადაწყვეტილება მიიღეს.

"როდესაც რადიკალური ძალები ცდილობენ სახელმწიფოს იმიჯის შელახვას, როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე ქვეყნის შიგნით, სახელმწიფოსგან მტრის ხატის ჩამოყალიბებას და იმგვარი აღქმის დამკვიდრებას, თითქოს სახელმწიფო არის მწამებელი, ჩვენ გვაქვს ლეგიტიმური მიზანი, რომ საზოგადოება იყოს სწორად ინფორმირებული იმის შესახებ, რომ ამ სახელმწიფოში არავის აწამებენ. პირიქით, მაქსიმალურად ცდილობს სახელმწიფო, რომ ადამიანის უფლებები იყოს ზედმიწევნით დაცული. სწორედ ამიტომ იყო მიღებული გადაწყვეტილება, რომ გასაჯაროებულიყო ეს კადრები, სადაც ნაჩვენებია აგვისტოდან დაწყებული დღევანდელ დღემდე ამ ადამიანის მდგომარეობა" - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ასევე მინისტრმა აღნიშნა, რომ უწყებამ ძალიან ბევრი სხვა კადრი, რომელშიც შეიძლება ანალოგიური ეპიზოდები იყოს ასახული, მორალური მოსაზრებიდან გამომდინარე არ გაასაჯაროვა.

"დღეს როდესაც მისი ჩართვა სასამართლო პროცესზე გარკვეული ტექნიკური მიზეზების გამო ვერ იქნებოდა შესაძლებელი, გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენ საზოგადოებას ვუმალავთ ამ ადამიანს და ვცდილობთ, რომ ის ვერავინ ნახოს. ჩვენ არავის ვუმალავთ, ვიცავთ მის უფლებებს, მაგრამ წამოვიდა ათასობით მოწოდება.

ეს [კადრები] ჩვენ გავასაჯაროვეთ იმ ლეგიტიმური მიზნიდან გამომდინარე, რასაც იმ ყველაფრის აღკვეთა ჰქვია, რასაც რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, რომ სახელმწიფო წარმოადგინოს, როგორც მწამებელი და ამით დააზიანოს მისი იმიჯი. მიმდინარეობს ევროინტეგრაცია და სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს ამ 12 პუნქტის შესასრულებლად, თუმცა ეს ხალხი სახელმწიფოს ინტერესების საწინააღმდეგოდ და მიხეილ სააკაშვილის გამოყენებით ცდილობს, აჩვენოს საზოგადოებას, თითქოს სახელმწიფო არის ადამიანის უფლებების დამრღვევი. ნურას უკაცრავად, ამის უფლებას ვერავის მივცემთ. ჩვენი პასუხი იქნება ადეკვატური. ჩვენ გარკვეული მორალური მოსაზრებიდან გამომდინარე არ გავასაჯაროვეთ ძალიან ბევრი სხვა კადრი, რომელშიც შეიძლება ანალოგიური ეპიზოდები იყოს წარმოდგენილი და მაქსიმალურად თავშეკავებით ვიმოქმედეთ, იმისთვის, რომ საზოგადოებას ჰქონდეს სრულყოფილი და ობიექტური ინფორმაცია" - აღნიშნა რატი ბრეგაძემ.

გარდა ამისა, იუსტიციის მინისტრმა ისაუბრა მიხეილ საააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის მიზნებზე და აღნიშნა, რომ მიზანი იყო არაკონსტიტუციური გზებით ხელისუფლების მოპოვება, თუმცა სახელმწიფომ საზოგადოებას "მძიმე განსაცდელი" აარიდა.

რატი ბრეგაძის თქმით, როდესაც დარწმუნდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილი ვერ გათავისუფლდებოდა მუქარით, ჩაირთო სხვა მანქანა, რომელიც მიზნად ისახავდა ჯანმრთელობის პოლიტიზებას და ჯანმრთელობის ხელოვნურად გაუარესების გზით მის გათავისუფლებას.

"ერთხელ და სამუდამოდ ამ სპეკულაციებს უნდა დაესვას წერტილი და საზოგადოებამ უნდა გაიგოს სრული სიმართლე, ეს სპეკულაცია წელიწადზე მეტია მიმდინარეობს. მოკლედ რომ შევახსენოთ საზოგადოებას რასთან გვაქვს საქმე: მსჯავრდადებული სააკაშვილი ჩამოვიდა საქართველოში ერთადერთი მიზნით, იმისთვის, რომ მოეპოვებინა მას და რადიკალურ ოპოზიციას არაკონსტიტუციური გზებით ხელისუფლება. თუმცა, ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ შსს და სუს-ის გამართული მუშაობის შედეგად სახელმწიფომ საზოგადოებას აარიდა ძალიან მძიმე განსაცდელი და სააკაშვილი განთავსებული იყო პენიტენციურ დაწესებულებაში. აქედან დაწყებული, ეს ადამიანი იღებს ყველა იმ საჭირო სამედიცინო მომსახურებას, რომელიც არის გათვალისწინებული და მისი ყველა უფლება არის დაცული. ჩვენ გვედავებოდნენ, თითქოსდა საზოგადოებას ვუმალავდით, მაგრამ აქ პასუხია მარტივი - როგორ შეიძლება ვინმეს იგი დაუმალო, როცა მასთან 1500 ვიზიტორი იყო უკვე ნამყოფი. შემდგომში, მიხვდნენ, რომ ეს ადამიანი ვერ გათავისუფლდებოდა ვერც მუქარით, ვერც გზების ბლოკირებით და ა.შ. და ჩაირთო სხვა მანქანა, რომელიც მიზნად ისახავდა ჯანმრთელობის პოლიტიზებას და ჯანმრთელობის ხელოვნურად გაუარესების გზით ამ ადამიანის გათავისუფლებას. თავიდან დაიწყო თვითდაზიანების რეჟიმი, როცა გამოაცხადა შიმშილობა. მოშიმშილე ადამიანს, ნაცვლად იმისა, რომ მოეწოდებინათ შიმშილობა შეეწყვიტა, პირიქით, მოუწოდებდნენ, რომ ეს არ გაეკეთებინა, რადგან ეს მისთვის პოლიტიკური თვითმკვლელობა იქნებოდა და მაქსიმალურად უქეზებდნენ ამ პროცესს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულიყო, რომ შემდგომში ამ გზით ყოფილიყო თავისუფლება მოპოვებული" - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

დღის გადაცემები