ლონდონში რუსეთის საელჩო გაერთიანებულ სამეფოს აფრთხილებს, არ მიაწოდონ უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავები, რადგან ასეთ ნაბიჯს "სამხედრო და პოლიტიკური შედეგები მოჰყვება" მთელი მსოფლიოსთვის. ამის შესახებ ინფორმაციას რუსულ სახელისუფლებო გამოცემა РИА Новости-ზე დაყრდნობით CNN ავრცელებს.
"გვსურს, ლონდონში თანამდებობის პირებს შევახსენოთ - ასეთი სცენარის შემთხვევაში სწორედ მათ სინდისზე იქნება მორიგი ესკალაციის "სისხლიანი მოსავალი" ისევე, როგორც სამხედრო და პოლიტიკური შედეგები, ევროპის კონტინენტსა და მთელს მსოფლიოში", - ვკითხულობთ განცხადებაში.
ცნობისთვის, გაერთიანებულ სამეფოში ვიზიტის დროს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასავლელ პარტნიორებს პირადად სთხოვა მოიერიშე თვითმფრინავების გადაცემა, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა კი თავდაცვის მდივან ბენ უოლესს დაავალა, გაარკვიოს, რომელი საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდება შეუძლია ქვეყანას უკრაინისათვის.