ვლადლენ ტატარსკის წინააღმდეგ ტერორისტული თავდასხმა დაგეგმილი იყო უკრაინის სპეცსამსახურების მიერ ალექსეი ნავალნის "ანტიკორუფციული ფონდის" მხარდამჭერი აგენტების მონაწილეობით, - ამის შესახებ რუსეთის ეროვნულმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა განაცხადა.
"2 აპრილს სანკტ-პეტერბურგში ცნობილი ჟურნალისტის, ვლადლენ ტატარსკის წინააღმდეგ ჩადენილი ტერორისტული აქტი უკრაინის სპეცსამსახურებმა დაგეგმეს აგენტების მონაწილეობით, რომლებიც ნავალნის ეგრეთ წოდებულ "ანტიკორუფციულ ფონდთან" თანამშრომლობენ, რომლის აქტიური მხარდამჭერია დაკავებული დარია ტრეპოვა", - აცხადებენ უწყებაში.
შეგახსენებთ, პატიმრობაში მყოფი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის "ანტიკორუფციული ფონდი" რუსეთში ექსტრემისტულ ორგანიზაციად არის გამოცხადებული.
შეგახსენებთ, სანკტ-პეტერბურგის კაფეში აფეთქება გუშინ, ომის მხარდამჭერი ჯგუფის, Cyber Front Z-ის მიერ ორგანიზებული ღონისძიების მიმდინარეობისას მოხდა. აფეთქებას რუსი სამხედრო ბლოგერი, ვლადლენ ტატარსკი ემსხვერპლა, 32 ადამიანი კი - დაშავდა. რუსული მედიის ინფორმაციით, ტატარსკის, სავარაუდოდ, გადასცეს სტატუეტი, რომელშიც ასაფეთქებელ მოწყობილობა იყო ჩამონტაჟებული. რუსმა სამართალდამცავებმა აფეთქებაში მონაწილეობაში ეჭვმიტანილი ქალი, დარია ტრეპოვა დააკავეს.