რუსეთის გენერალური შტაბი მობილიზაციის მეორე ტალღას არ გეგმავს, რადგან მოხალისეებისა და სამხედრო მოსამსახურეების ამჟამინდელი რაოდენობა საკმარისია სპეცოპერაციის ამოცანების შესასრულებლად, - ამის შესახებ რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ორგანიზაციული და მობილიზაციის სამმართველოს უფროსმა, ვლადიმერ ციმლიანსკიმ განაცხადა.
"მინდა დაგარწმუნოთ, რომ გენერალური შტაბის გეგმები არ მოიცავს მობილიზაციის მეორე ტალღას. წვევამდელების ამჟამინდელი რაოდენობა და სპეციალურ ოპერაციაში მოხალისეებად გამოცხადებული ადამიანების რაოდენობა საკმარისია მიზნების შესასრულებლად", - განაცხადა მან ბრიფინგზე, სადაც რუსეთში გამოცხადებულ საგაზაფხულო გაწვევაზე ისაუბრა.
მისივე თქმით, წლევანდელი საგაზაფხულო გაწვევა ჩვეულ ვადებში, 1-ელი აპრილიდან 15 ივლისამდე პერიოდში განხორციელდება და საერთო ჯამში, 18-დან 27 წლამდე ასაკის 147 000-მდე მოქალაქეს გაიწვევენ.
შეგახსენებთ, გუშინ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას საგაზაფხულო გაწვევის შესახებ, რომლის ფარგლებშიც, 18-დან 27 წლამდე ასაკის 147 000-მდე იმ მოქალაქეს გაიწვევენ, რომლებიც არ არიან სამხედრო რეზერვში და აკმაყოფილებენ "სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის" შესახებ კანონს.