შეერთებული შტატების მოთხოვნები რუსეთის გარკვეული რეგიონებიდან ჯარების გაყვანის შესახებ მიუღებელია, ხოლო უკრაინაში დაგეგმილი შეჭრის ბრალდებები მოსკოვზე ზეწოლის მცდელობაა - ამ განცხადებით ვაშინგტონის პასუხს უსაფრთხოების გარანტიებზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა. რუსეთი ასევე აცხადებს, რომ წვრთნების დასრულების შემდეგ თავის ჯარს გარნიზონებში დააბრუნებს. „კონფლიქტის მხარედ რუსეთის გამოცხადება დაუსაბუთებელია და არ გააჩნია საფუძველი. არ შემიძლია არ ვთქვა, რომ უკიდურესად იმედგაცრუებული ვართ ჩვენი დასავლელი კოლეგების სირაქლემას პოზიციით, რომლებიც ცდილობენ არ შეამჩნიონ ეს აშკარა რამ“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი ვერშინინმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე. დასავლელი და უკრაინელი დიპლომატების თქმით კი, მიმდინარე რუსეთ-ბელარუსის ერთობლივი სამხედრო წვრთნები მათ მიერ კვლავ რეალურ საფრთხედ აღიქმება. შეგახსენებთ, გუშინ უკრაინის სამხედროებსა და დონბასის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების სამხედრო ნაწილებს შორის სროლა გააქტიურდა. უკრაინული მხარის ინფორმაციით, ერთ-ერთი ჭურვი სტანიცა ლუგანსკაში საბავშვო ბაღის შენობას მოხვდა. ამ დროს იქ ბავშვები არ იმყოფებოდნენ, თუმცა დაშავდა ორი მშვიდობიანი მოქალაქე.
დღის სიახლეები
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ს უსაფრთხოების გარანტიების საკითხზე უპასუხა [ვიდეო]
მსგავსი
დღის გადაცემები