რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უარყოფს მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ მოსკოვი მოლდოვაში სიტუაციის დესტაბილიზაციას გეგმავს.
"ასეთი ბრალდებები სრულიად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია. ისინი აგებულია კლასიკური ხერხის სულისკვეთებით, რომელსაც ხშირად იყენებენ შეერთებული შტატები, სხვა დასავლური ქვეყნები და უკრაინა. თავდაპირველად ვითომდა საიდუმლო სადაზვერვო ინფორმაციაზე დაყრდნობით დადანაშაულება, რომლის გადამოწმებაც შეუძლებელია და შემდეგ საკუთარი უკანონო ქმედებების გასამართლებლად მისი გამოყენება", - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
შეგახსენებთ, მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ დაადასტურა, რომ უკრაინულმა მხარემ მას გადასცა კრემლის გეგმები, რომლის მიზანი მოლდოვაში სიტუაციის დესტაბილიზაცია იყო და რომ სამხედრო მოქმედებები მზადდებოდა რუსეთიდან, ბელარუსიდან და ბალკანეთიდან ჩაყვანილი დივერსანტების მონაწილეობით.