რუსეთმა "დიდ ოცეულს" მოუწოდა, შეწყვიტოს საუბარი "წარმოსახვით საფრთხეებზე" და ფოკუსირდეს მსოფლიოს ყველაზე გადაუდებელ სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებზე.
ინფორმაციას სააგენტო "როიტერსი" ავრცელებს.
მათივე ცნობით, "დიდი ოცეულის" შეხვედრა ამ კვირაში ინდონეზიის კუნძულ ბალიზეა დაგეგმილი, რომელსაც დასავლელი ლიდერები, მათ შორის აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, რუსეთის საჯაროდ გასაკრიტიკებლად გამოიყენებენ.
სამიტის წინ გავრცელებულ განცხადებაში, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ "ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, "დიდმა ოცეულმა" საკუთარი ძალისხმევის კონცენტრირება რეალურ და არა წარმოსახვით საფრთხეებზე მოახდინოს".
"ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ "დიდი ოცეული" მოწოდებულია გაუმკლავდეს სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებს. მისი დღის წესრიგის გაფართოება მშვიდობისა და უსაფრთხოების სფეროებში, რაზეც ბევრი ქვეყანა საუბრობს, არ არის განხორციელებადი. ეს იქნება პირდაპირი შეჭრა გაერო-ს უშიშროების საბჭოს მანდატში და ძირს გამოუთხრის ნდობისა და თანამშრომლობის ატმოსფეროს "დიდ ოცეულში" - აღნიშნულია ლავროვის უწყების განცხადებაში.
ცნობისთვის, "დიდი ოცეულის" სამიტზე რუსეთის დელეგაციას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი უხელმძღვანელებს.