როგორც ცნობილი ამერიკულ გაზეთი "The Washington Post: იუწყება " რუსეთმა უკრაინაში 12 ტრილიონი დოლარის წიაღისეულის საბადო დაიკავა.
კანადური საკონსულტაციო კომპანიის "SecDev-ის" ანალიზის მიხედვით, რუსეთის მიერ ოკუპირებული წიაღისეულის ღირებულება დაახლოებით 12,4 ტრილიონ დოლარად არის შეფასებული.
ქვანახშირის საბადოების უდიდესი ნაწილი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ამარაგებდა უკრაინის კრიტიკულ ფოლადის ინდუსტრიას, აღმოსავლეთშია კონცენტრირებული. აღნიშნული საბადოები, სხვა ძვირფასი ენერგიისა და მინერალების საბადოებთან ერთად, რუსეთის ხელშია. აღნიშნულ მინერალებს კი გამოიყენებენ ყველა მიმართულებით, თვითმფრინავის ნაწილებიდან სმარტფონებამდე.
თებერვალში უკრაინაში შეჭრის შემდეგ, კრემლი სტაბილურად აფართოებდა თავის არეალს. კომპანია "SecDev-ის" წარმომადგენლებისა და უკრაინის სამთო და ფოლადის ინდუსტრიის ლიდერების თქმით, რუსეთმა უკრაინას წაართვა 41 ქვანახშირის საბადო, 27 ბუნებრივი გაზის საბადო, 14 პროპანის საბადო, 9 ნავთობის საბადო, 6 რკინის საბადო, 2 ტიტანის საბადო, 2 ცირკონიუმის საბადო, 1 სტრონციუმის უბანი, 1 ლითიუმის ადგილი, 1 ურანის უბანი, 1 ოქროს საბადო და მნიშვნელოვანი კირქვის კარიერი, რომელიც ადრე უკრაინაში ფოლადის წარმოებისთვის გამოიყენებოდა.
ექსპერტების თქმით, თუ კრემლი დაპყრობილი უკრაინის ტერიტორიის ანექსიას, მოახერხებს, კიევი მისი საბადოების თითქმის ორ მესამედზე წვდომას სამუდამოდ დაკარგავს. უკრაინა ასევე დაკარგავს ბევრ სხვა რეზერვს, მათ შორის ბუნებრივი აირის, ნავთობისა და იშვიათი დედამიწის მინერალების საწყობებს, რომლებიც მაღალტექნოლოგიური კომპონენტებისთვის არის საჭირო".