რუსი დიპლომატები 8 თებერვალს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევას ითხოვენ. ამის შესახებ გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის პირველმა მოადგილემ დიმიტრი პოლიანსკიმ "ტვიტერის“ გვერდზე განაცხადა.
მისი თქმით, განხილვის თემა იქნება უკრაინის კრიზისის მშვიდობიანი მოგვარების პერსპექტივები დასავლეთის მიერ იარაღის მზარდი მიწოდების პირობებში.
"თებერვალი დატვირთული იქნება ღონისძიებებით, მათ შორის იქნება უკრაინასთან დაკავშირებული თემატიკა.
24 თებერვლისთვის დასავლეთის ქვეყნებმა მოითხოვეს უშიშროების საბჭოს სხდომის ჩანიშვნა უკრაინაში სპეციალური საბრძოლო ოპერაციის წლისთავთან დაკავშირებით. იქამდე, 6 თებერვალს მათ სურთ შეხვედრის გამართვა უკრაინის კრიზისის ჰუმანიტარულ ასპექტებთან დაკავშირებით.
ჩვენ ვალში არ დავრჩებით - 8 თებერვალს ჩვენ მიერ მოთხოვნილია სხდომა უკრაინის კრიზისის მშვიდობიანი მოგვარების პერსპექტივებთან დაკავშირებით, დასავლეთის მიერ იარაღის მზარდი მიწოდების პირობებში. არ გამოვტოვებთ არც მინსკის შეთანხმების ხელმოწერის წლისთავს.
ამას თუ დავუმატებთ 23 თებერვალს გაერო-ევროკავშირის ურთიერთობებთან დაკავშირებით შეხვედრებს, რაც უკრაინის თემის გარეშე აშკარად არ ჩაივლის, ასევე გენერალური ასამბლეის ღონისძიებებს, რომელსაც კიევის რეჟიმი და მისი დასავლელი სპონსორები სპეციალური საბრძოლო ოპერაციის დაწყების საიუბილეო თარიღის კონტექსტში მოაწყობენ, მაშინ ცხადია, რომ უკრაინა ჩვენს პროგრამაში თებერვალში იქნება საკმარისზე მეტი.
ჩვენ ამისთვის მზად ვართ, გვაქვს სათქმელი!" - განაცხადა დიმიტრი პოლიანსკიმ.