გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ჰუმანიტარულ საკითხებში, მარტინ გრიფიტსი, მარცვლეულის ექსპორტზე მოლაპარაკებებისთვის მოსკოვში ჩავიდა. ამის შესახებ რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Tass-ი დიპლომატიური წყაროზე დაყრდნობით წერს.
სააგენტოს თქმით, გრიფიტსი გაერო-ს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის გენერალურ მდივანთან, რებეკა გრინსპანთან, ერთად რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, სერგეი ვერშინინთან მართავს მოლაპარაკებებს.
როგორც დასავლური მედია წერს, ივლისში გაერო-ს, რუსეთს, უკრაინასა და თურქეთს შორის გაფორმებული შეთანხმების შემდეგ, ექვს მილიონ ტონაზე მეტი მარცვლეულისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის ექსპორტი მოხდა უკრაინიდან.
თავდაპირველი შეთანხმება ხელმოწერიდან 120 დღის განმავლობაში გრძელდება და ვადა მომავალ თვეში იწურება.
კვირის დასაწყისში გრიფიტსმა განაცხადა, რომ ის "გონივრულად დარწმუნებულია", რომ შეთანხმება შესაძლოა გახანგრძლივდეს.