რუსეთის მოქალაქეების ნაწილს საქართველოს ტერიტორიაზე შესვლაზე უარს ახსნა-განმარტების გარეშე ეუბნებიან, - ინფორმაციას რუსული მედია ტრაპიზონში რუსეთის გენერალურ საკონსულოზე დაყრდნობით ავრცელებს.
რუსული მედიის ინფორმაციით, დიპლომატიურ წარმომადგენლობაში აცხადებენ, რომ "სარფის" სასაზღვრო-გამშვები პუნქტზე საქართველოს ტერიტორიაზე შესვლაზე უარის თქმის შესახებ საჩივრები საკონსულოში კვირაში რამდენჯერმე შედის.
"სამწუხაროდ, საქართველოს მესაზღვრეები არ განმარტავენ უარის თქმის მიზეზებს", - აცხადებენ გენერალურ საკონსულოში.
ამასთან, გენერალური საკონსულოს ინფორმაციით, სექტემბერში რუსებისთვის საქართველოში შესვლაზე უარის თქმის შემთხვევების დინამიკა აგვისტოს ბოლოსთან შედარებით შემცირებულია, რადგან აგვისტოში მესაზღვრეების ქმედებებზე საჩივრები თითქმის ყოველდღიურად ფიქსირდებოდა.