პარლამენტმა, ევროკომისიის რეკომენდაციებიდან გამომდინარე, საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები მეორე მოსმენით, 88 ხმით მიიღო.
საარჩევნო რეფორმას მხარი დაუჭირეს "ქართულმა ოცნებამ", "ლელომ", "გირჩმა", პარტია "მოქალაქეებმა", "ევროპელმა სოციალისტებმა", "რეფორმების ჯგუფის" სამმა წევრმა, რვა უფრაქციო დეპუტატმა. "ნაციონალურმა მოძრაობამ", "სტრატეგია აღმაშენებელმა", ასევე პარტია "საქართველოსთვის" წევრებმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს.
ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან, მეორე პუნქტის შესასრულებლად „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ პროექტში მეორე მოსმენის დროს, ჯამში, 20-მდე ცვლილება შევიდა. მათგან 13 ახალ საარჩევნო რეფორმაში ეუთო/ოდირის და ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნის საფუძველზე აისახა.
"ქართული ოცნებისა" და სამუშაო ჯგუფებს გამიჯნულ ოპოზიციასთან ("ლელო", "სტრატეგია აღმაშენებელი" და "ნაციონალური მოძრაობა") ორი დახურული შეხვედრის შედეგად, შეთანხმება ათ საკითხზე მოხერხდა, რაც პროექტში უკვე ასახულია.
ოპოზიციის მოთხოვნის საფუძველზე პროექტში კიდევ ერთი შესწორება შევიდა და საარჩევნო კომისიის პარტიული წევრებისთვის სერტიფიცირება სავალდებულო აღარ იქნება.
ევროკომისიის 12 რეკომენდაციიდან გამომდინარე მომზადებული "საარჩევნო კოდექსი" პარლამენტში 26 სექტემბერს დაინიცირდა.