განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების და შემდგომი რეალიზაციის მიზნით, ქ. თბილისში, სატვირთო მანქანაში, ინახავდა დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტს.
"საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულ იქნა სხვადასხვა დასახელების, ჯამში 241 639 ლარის ღირებულების 54 918 კოლოფი უაქციზო სიგარეტი.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.
ბრალდებული იმყოფება პატიმრობაში, ტარდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნულ დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით", - აღნიშნულია ინფორმაციაში.