საგამოძიებო სამსახურმა ყალბი დოკუმენტებით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორი პირი დააკავა.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, საქართველოში რეგისტრირებული კომპანიის ორი ხელმძღვანელი პირი დააკავეს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, რომელთა საქმიანობის სფეროსაც წარმოადგენდა ავტომანქანების ყიდვა-გაყიდვა, უცხოური კომპანიების წარმომადგენლებს შესთავაზეს დახმარება საქართველოში არსებული ცენტრებიდან მანქანების შეძენაში და მიწოდებაში.
სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების განზრახვით, ბრალდებულებმა გააყალბეს ავტომანქანების შეძენასთან დაკავშირებული ინვოისები, სადაც შეიტანეს ყალბი მონაცემები, თითქოსდა ავტოცენტრებიდან შეძენილ იქნა დამკვეთისათვის სასურველი ძვირადღირებული ავტომანქანები, ცენტრების ანგარიშებზე გადაარიცხვინეს გარკვეული თანხები, რომლითაც, ნაცვლად უცხოური კომპანიების მიერ დაკვეთილი ავტომანქანებისა, შეძენილ იქნა ბრალდებულებისათვის სასურველი ავტომანქანები, რომელიც შემდგომ მათ მიერ გასხვისდა სხვადასხვა პირზე. ამ ეტაპზე დადგენილია, რომ უცხოურ კომპანიებზე მიყენებული ზიანი ჯამში შეადგენს 4 163 332 ლარს.
გამოძიების პროცესში, დაყადაღებულ იქნა კომპანიის და ბრალდებულების სახელზე რიცხული უძრავი-მოძრავი ქონება და საბანკო ანგარიშები.
გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე და 180-ე მუხლის მესამე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.