საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს, რომ მაღალი ტემპერატურის გამო, ტყისა და მინდვრის ხანძრების გაჩენის რისკი იზრდება. უწყება მოქალაქეებს მოუწოდებს, სასოფლო სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს ცეცხლი არ დაანთონ და ცეცხლის კერები უყურადღებოდ არ დატოვონ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოქალაქეებს ასევე მოუწოდებს, რომ დაკვამლიანების, ან ცეცხლის შემჩნევის შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ს დაუყოვნებლივ აცნობონ.
„გაცნობებთ, რომ მომავალი დღეების განმავლობაში აღმოსავლეთ საქართველოში მომატებული ტემპერატურა და უნალექო ამინდები შენარჩუნდება, რის გამოც, ტყისა და მინდვრის ხანძრების გაჩენის რისკი იზრდება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შესაძლო გართულებების თავიდან ასაცილებლად, მოგიწოდებთ, მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა გამოიჩინოთ, სასოფლო სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს ცეცხლი არ დაანთოთ და ცეცხლის კერები უყურადღებოდ არ დატოვოთ.
გასათვალისწინებელია, რომ საყოფაცხოვრებო ნარჩენებს თვითაალება შეუძლიათ, შესაბამისად, გარემოს ნუ დაანაგვიანებთ," - აღნიშნულია განცხადებაში.