27.11.2024 | 01:39
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მიმდინარე წლის საზღვაო სეზონზე გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობისა და დამსახურებისთვის მაშველები დააჯილდოვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მიმდინარე წლის საზღვაო სეზონზე გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობისა და დამსახურებისთვის მაშველები დააჯილდოვა. სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ლაშა თვაურმა სამახსოვრო საჩუქრები გადასცა აჭარის, გურიისა და სამეგრელოს რეგიონების მაშველებს - ზაზა ბუკიას, ირაკლი გოგუაძეს და ირაკლი ცინცაძეს. თბილისის წყალზე რეაგირების სამმართველოს უფროსმა - მალხაზ აბესაძემ კი სპეციალური ჯილდო მიიღო.

თითოეულმა მათგანმა ბოლო ერთი თვის განმავლობაში, საკუთარი სიცოცხლის ფასად, რამდენიმე რთული სამაშველო ოპერაცია ჩაატარა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა, 2022 წლის საზღვაო სეზონის გახსნიდან დღემდე, დაახლოებით, ერთთვიან მონაკვეთში, ზღვაში მყოფი 40 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს. გარდა ამისა, სანაპირო ზოლზე იპოვეს 11 გზააბნეული მოქალაქე, მათ შორის არასრულწლოვნები. ასევე, სანაპირო ზოლზე მორიგეობისას, მაშველებმა 14 დამსვენებელს პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.

ზღვის, მდინარეებისა და ტბების სანაპირო ზოლებზე მეხანძრე-მაშველები ყოველდღიურად მორიგეობენ და მოქალაქეთა უსაფრთხო დასვენებაზე ზრუნავენ. 2022 წლის საზღვაო სეზონის განმავლობაში, მთელი საქართველოს მასშტაბით, სულ 320-ზე მეტი მაშველი მუშაობს. მნიშვნელოვანია, რომ სეზონური მაშველების ანაზღაურება, წინა წლებთან შედარებით, 25% პროცენტით არის გაზრდილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოგიწოდებთ: დასვენებისას მაქსიმალურად დაიცვათ უსაფრთხოების წესები და დაემორჩილოთ მაშველების მითითებებს; ყურადღება მიაქციეთ საინფორმაციო ბანერებს და ამკრძალავ ნიშნებს; ასევე, არ გასცდეთ წყალში მონიშნულ საცურაო ტერიტორიას და მაშველთა პატრულირების არეალს; არ შეხვიდეთ წყალში არაფხიზელ მდგომარეობაში ან ნაბახუსევზე; დაუშვებელია ბავშვებისა და მოზარდების უყურადღებოდ დატოვება სანაპირო ზოლსა და წყალში; კატეგორიულად აკრძალულია წყალში შესვლა შტორმის, უამინდობის და შეზღუდული ხილვადობის დროს.

აღნიშნულ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

დღის გადაცემები