28.11.2024 | 00:00
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
სასამართლოში ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებულ ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მოწმე ირაკლი ლეჟავა იკითხება. როგორც სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს პროკურორმა მიხეილ სადრაძემ განუცხადა, საქმეში არსებული მტკიცებულებები ბრალდებულების ბრალეულობას ადასტურებს.

"დღევანდელ პროცესზე იკითხება ერთი მოწმე, რომელიც 2006-07 წლებში კომისიის წევრი იყო, ანუ იმ პერიოდში, როცა საქართველოს საზიანოდ ძალიან ბევრი მონაკვეთი შეთანხმდა. რაც შეეხება მისი ჩვენების შინაარსს, ის დაადასტურებს, რომ რეალურად, საქართველოს პოზიციის ჩამოყალიბების პროცესში, მხოლოდ და მხოლოდ, ბრალდებულები მონაწილეობდნენ. ისინი წარმართავდნენ სრულად ამ საქმიანობას და სხვა წევრების როლი რეალურად ფორმალური იყო. ფაქტები და მტკიცებულებები პირდაპირ უთითებს იმას, რომ ამ პროცესს მხოლოდ ბრალდებულები წარმართავდნენ. ასევე, ყველა სხვა მტკიცებულება, ეს იქნება ექსპერტიზის დასკვნა, ფარული ვიდეო-აუდიო მასალა თუ სხვა, ამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თავად ბრალდებულების მიერ შექმნილი დოკუმენტები ადასტურებს მათ ბრალეულობას, როგორც 1996 წელს, ისე 2006-07 წლებში", - განაცხადა მიხეილ სადრაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილს ბრალი დაუზუსტდათ. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულები განზრახ, ზემდგომი პირების დავალებების შესაბამისად მოქმედებდნენ.

დღის გადაცემები