24.11.2024 | 23:58
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
სასულიერო პირები გავრცელებული მასალების ფაბრიკაციაზე საუბრობენ [ვიდეო]

მესამე დღეა ხელისუფლებაში არ აქვთ პასუხი, რატომ უსმენენ ყველას და როგორ მოხვდა უკანონოდ მოპოვებული მასალები საჯარო სივრცეში. პასუხი არ არსებობს არც იმაზე, არის თუ არა გავრცელებული ტექსტები ნამდვილი. კითხვები ბევრია - მაგალითად, დაუდგენელია, როგორ შეძლო სუსის რიგითმა თანამშრომელმა გამართული, ლიტერატურული ენით წერილის დაწერა და არის თუ არა ჩანაწერების გამავრცელებელი მართლაც, გარდაცვლილი აკაკი ნემსაძე. არსებობს ეჭვი, რომ გასვიანის ფაქტორი, პოლიტიკურად დაინტერესებულმა მხარემ უბრალოდ გამოიყენა. დაშიფრული მასალების ერთ-ერთი ფიგურანტია დიმიტრი ლორთქიფანიძე. პოლიტიკოსი დავით გარეჯთან დაკავშირებული თემის ეპიზოდში ფიგურირებს. ლორთქიფანიძე ფაქტების ინტერპრეტაციაზე, გავრცელებული ფაილების ფაბრიკაციაზე საუბრობს და იმ მანკიერ პრაქტიკაზე მიანიშნებს, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" "ნაციონალური მოძრაობისგან" მემკვიდრეობით მიიღო. პოლიტიკოსის განმარტებით, შეტევის ობიექტი იმიტომ აღმოჩნდა, რომ დავით გარეჯის საქმეზე ერთ-ერთი მოწმეა.

 

ფაილები, რომელიც სავარაუდოდ სუსიდან არის გამოტანილი, შეიცავს სასულიერო პირთა ბიოგრაფიულ, საქმიან, ფინანსურ, პირადი ცხოვრების დეტალებსა და სხვადასხვა სახის კავშირებს, თუმცა არაფრით დასტურდება, რომ გავრცელებული მასალები სანდოა. საპატრიარქოს პრესმდივანი წერს, რომ ეს ეკლესიაზე მორიგი დარტყმის მცდელობაა  და ეკლესიის ფაქტორით არჩევნებში მანიპულაცია საზოგადოებისთვის არახალია.  მედიით გავრცელებული ფარული მასალების ავთენტურობას სასულიერო პირები არ ადასტურებენ.

 

კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე, რომელიც ახლო წარსულით თარიღდება ხელისუფლების კვალს ხედავს ყველა. მესამე სექტორში "ქართული ოცნების" ბრალეულობასა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კავშირებზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ამ პირობებში თითოეული ინსტიტუტი და მოქალაქე დაუცველია.

 

"ქართულ ოცნებაში" ვერ უარყოფენ, რომ უსმენენ ყველას. ხელისუფლებაში ყოფნის მეცხრე წელს ამბობენ, რომ გუნდში შიდა ღალატია, თანაც დიდი.

 

პარლამენტში ჩანიშნულ არცერთ საგანგებო სხდომას ან საგამოძებო კომისიას რაიმე ხელშესახები შედეგი არასდროს მოუტანია, თუმცა "ლელოს" პოლიტიკური დღის წესრიგი მაინც ასეთია. ითხოვენ გრიგოლ ლილუაშვილი საკანონმდებლო ორგანოში მივიდეს და კითხვებს უპასუხოს.

 

ბევრად უფრო კონკრეტული და მკაცრია "პატრიოტთა ალიანსის" მოთხოვნა. ოპოზიციურ პარტიაში ამბობენ, რომ  მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ დისკრედიტაციის კამპანია დიდი ხნის წინ დაიწყო. ფარული ჩანაწერების და დამონტაჟებული ტყუილების გამოქვეყნებას პატრიოტები ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ვარაუდობდნენ. გიორგი ლომია გამოსავალს ხელისუფლების ცვლილებაში ხედავს, მისთვის გასაკვირია როგორ შეიძლება აღმოჩნდეს აღნიშნული შინაარსის მქონე მასალა ერთი ან ორი ადამიანის ხელში.

დღის გადაცემები