გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის პრეზიდენტი, აბდულა შაჰიდის ვიზიტი საქართველოში დაიწყო.
საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აღსანიშნავია, ეს გახლავთ გაერო-ს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი საქართველოში.
"ვიზიტის ფარგლებში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის პრეზიდენტი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან. საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ მხარეთა მიერ გაკეთდება ერთობლივი განცხადებები.
საქართველოში ყოფნისას, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის პრეზიდენტი ეწვევა საოკუპაციო ხაზს, მოინახულებს იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებას სოფელ წეროვანში და ადგილზე გაეცნობა ოკუპაციის შედეგად შექმნილ ვითარებასა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობას.
ამასთან, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის პრეზიდენტი ეწვევა იუსტიციის სახლს, სადაც გაეცნობა სახელმწიფო სერვისების მიწოდების მოქმედ მოდელს და იმ რეფორმებს, რომლებსაც საქართველო ახორციელებს "ღია მმართველობის პარტნიორობის" ინიციატივის ფარგლებში და რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის პროცესში.
აბდულა შაჰიდი ასევე მოინახულებს საქართველოში გაერო-ს ოფისს და შეხვედრებს გამართავს გაერო-ს პროგრამაში ჩართულ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
ვიზიტის ფარგლებში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის პრეზიდენტი ეწვევა კახეთის რეგიონს, რათა გაეცნოს რეგიონის ეკონომიკურ და ტურისტულ პოტენციალს", - ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში 23 ივლისს დაიწო და 26 ივლისს დასრულდება.