საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალურ შეხვედრაში ქართველმა ფეხბურთელებმა ბელარუსის ნაკრებს უმასპინძლეს. მატჩის ერთადერთი გოლი, თორნიკე ოქრიაშვილის ზუსტად შესრულებული თერთმეტმეტრიანი, საქართველოს ნაკრების გამარჯვებისთვის საკმარისი აღმოჩნდა. იმის მიუხედავად, რომ შეხვედრა ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო მაყურებლის გარეშე ჩატარდა, ქართული სპორტის ქომაგებმა ნაკრების გამხნევება მაინც შეძლეს.
ქართველი ფეხბურთელები ქომაგებმა სტადიონზე ფანებისთვის დამახასიათებელი კარგად ორგანიზებული პერფორმანსის ფონზე შეაცილეს და მთელი მატჩის განმავლობაში ეროვნულ ნაკრებს შეძახილებით მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან ამხნევებდნენ.
საქართველოს ნაკრებს მთავარ ევროპულ ტურნირამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯი აშორებს. ევროპის ჩემპიონატის საგზურის მფლობელი 12 ნოემბერს, თბილისში, დინამო არენაზე გაირკვევა. საქართველოს ნაკრების მეტოქე ჩრდილოეთ მაკედონია იქნება.