საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი სტუმრობს. შმიგალი უკვე შეხვდა პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს და საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს.
"მოგეხსენებათ, რომ 17 მაისს, საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ხელი მოაწერა მემორანდუმს „ასოცირებული ტრიოს“ დაფუძნების შესახებ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური განაცხადია. ჩვენ ასევე განვიხილეთ საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში ინტეგრაციის საკითხი, ორივე ქვეყანა ასევე ვართ ძალიან მოტივირებული, რომ მალე გავხდეთ ნატო-ს სრულფასოვანი წევრები. მოგეხსენებათ, რომ ბუქარესტის სამიტზე მოკავშირეებმა მიიღეს გადაწყვეტილება - საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატო-ს წევრები და წლების განმავლობაში ჩვენმა ქვეყნებმა ამ გზაზე მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს. ჩვენ, რა თქმა უნდა, განვიხილეთ სავაჭრო -ეკონომიკური საკითხები. ჩვენ შევთანხმდით, რომ აუცილებელია ამ მიმართულებით გააქტიურება. უკრაინა არის საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორი, რომელიც ტოპ ათეულში შედის და ჩვენი ამოცანაა, რომელიც ჩემს კოლეგასთან ერთად დავისახეთ, რომ გავაორმაგოთ სავაჭრო ბრუნვა ჩვენს ქვეყნებს შორის. ასევე აღვნიშნეთ, რომ აუცილებელია გააქტიურება ტრანსპორტის, ლოგისტიკის მიმართულებით, სხვადასხვა პროექტის მიმართულებით. მინდა ასევე აღვნიშნოთ, რომ ტურიზმი არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის"-აღნიშნა უკრაინელ კოლეგასთან დენის შმიგალთან გამართული შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ირაკლი ღარიბაშვილმა.