საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კომერციული მოსყიდვის ფაქტზე, ავტოსატრანსპორტო საშუალებების პირველადი ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო ავრცელებს.
მათი ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც თბილისში მდებარე ერთ-ერთ ტექნიკური ინსპექტირების ცენტრში ინსპექტორის თანამდებობაზე მუშაობდა და ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად, ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტესტირება ევალებოდა, პირადი მატერიალური გამორჩენის მიზნით, ტექნიკურად გაუმართავ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ტექნიკური ინსპექტირების დადებითად გავლის ანგარიში გასცა, რის სანაცვლოდაც მოქალაქისაგან მოითხოვა და მიიღო 150 ლარი", - ნათქვამია ინფორმაციაში.