სახალხო დამცველობის ერთ-ერთმა კანდიდატმა გიორგი ცობეხიამ კანდიდატურა მოხსნა. ცობეხიამ განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც მან პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე გასაუბრება გაიარა.
როგორც მან აღნიშნა, კანდიდატურის მოხსნა პროტესტს არ გამოუწვევია.
"მინდოდა ისე დამესრულებინა ჩვენი შეხვედრა, რომ თითოეული თქვენგანისთვის მოკრძალებული მაგალითი მაინც მეჩვენებინა თუ როგორ შეიძლება საკუთარი პირადი ინტერესი ხანდახან გვერდზე გადავდოთ და თითოეულმა ჩვენგანმა გადადგას ის ნაბიჯი, რაც სახელმწიფო ინტერესს მიესადაგება. მიმაჩნია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლებს მიერ დღეს ჩემ მიმართ გაჟღერებული კრიტიკული დამოკიდებულებები არ არის ის მოცემულობა, რომლითაც ჩვენ სახელმწიფო შეიძლება განვავითაროთ. პირიქით, კრიტიკის მიღება და ამაზე სწორი რეაგირება უნდა შეძლოთ. ერთი ახალგაზრდა კაცი ვარ, რომელიც, დიახ, მონაწილეობდა ოპოზიციურ გამოსვლებშიც, მონაწილეობდა პოლიტიკურ პროცესებშიც და მე არ მგონია, ეს კრიტიკის საფუძველს იძლეოდეს. თქვენ შეიძლება არ მოგწონდეთ ჩემი შეხედულებები და ამის გამო გამაკრიტიკოთ, მაგრამ არ მგონია, ეს იმას ნიშნავდეს, რომ ადამიანებს მიუღებლობა ჰქონდეთ. თქვენ შეიძლება გინდოდეთ სახალხო დამცველი, რომელიც დაცლილი იქნება პოლიტიკური შეხედულებებისგან, თუმცა, მე ასეთ აპოლიტიკურ თანამდებობადაც არ მივიჩნევ სახალხო დამცველის თანამდებობას.
მე ზუსტად ვიცი, რომ ჩემ კანდიდატურას მინიმუმ ხელისუფლების მხარდაჭერა ბუნებრივად არ მოჰყვება. სწორედ ამიტომ ვხსნი კანდიდატურას, თუმცა ვხსნი მას შემდეგ, რაც ასეთი მძიმე დღე გავიარე თქვენთან ერთად. საქართველოს ვუსურვებ, რომ ჰყავდეს ნამდვილად დამოუკიდებელი, ღირსეული და მაღალკვალიფიციური კანდიდატი. მე ასეთი კანდიდატი მყავს დასახელებულებს შორის - სოფო დემეტრაშვილი და მე რომ ახლა თქვენ ადგილზე ვიჯდე და ხმის მიცემის უფლება მქონდეს, ხმას მას მივცემდი.
ჩემი კანდიდატურის მოხსნა არ გახლავთ პროტესტი, მიუხედავად იმისა, რომ გამოვირჩევი პროტესტის გამოთქმის სურვილებით. უბრალოდ, ეს არის ერთი პატარა მაგალითი იმისა, ჩვენი შეხედულებების მიუხედავად როგორ შეიძლება გადავდგათ ისეთი ნაბიჯები, რომელიც აუცილებელია სახელმწიფოს განვითარებისთვის და შესაძლოა, დამაზიანებელი იყოს თუნდაც ჩვენი პიროვნებისთვის" - განაცხადა ცობეხიამ.