28.11.2024 | 04:43
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
სახელმწიფო სამ სამაშველო ვერტმფრენს 21 000 000 ევროდ შეიძენს

შინაგან საქმეთა სამინისტროში, ფრანგულ კომპანია Airbus Helicopters-თან 3 ახალი შვეულმფრენის შესყიდვის მიზნით, ხელშეკრულება გაფორმდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მხრიდან ხელშეკრულებას ხელი სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, ნიკოლოზ შარაძემ, ხოლო მომწოდებელი კომპანიის მხრიდან - Airbus Helicopters-ის წარმომადგენელმა, რომეინ ლანამ მოაწერეს.

მათივე ცნობით, საქართველოს მთავრობასთან კოორდინაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, სასაზღვრო პოლიცია H145-ის ტიპის 3 შვეულმფრენს შეიძენს. Airbus-თან რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ, პროექტის ჯამური ღირებულება დაახლოებით, 26 500 000 ევროს შეადგენს.

"ხელშეკრულების პირობის მიხედვით წლების წინ მაღალი თანამდებობის პირებისთვის შესყიდულ AS332 L1e S/N 2833-ის (სუპერ პუმა) შვეულმფრენს ქართული მხარე Airbus Helicopters-ს გადასცემს. აღნიშნული ბორტის პრივატიზებით ახალი შვეულმფრენების შესყიდვისთვის სახელმწიფოს გასაწევი ხარჯი 5 500 000 ევროს ოდენობით დაიზოგება.

H145-ი მრავალფუნქციური შვეულმფრენია, რომელსაც შეუძლია შეასრულოს პოლიციური, სატრანსპორტო, სამძებრო და სამაშველო ფუნქციები. ახალი შვეულმფრენები სრულად იქნება დაკომპლექტებული ხანძართან ბრძოლისა და სამთო-სამაშველო აღჭურვილობით. მათ გააჩნიათ 2 ძრავა, რაც ზრდის ფრენის უსაფრთხოებას. ამ ტიპის შვეულმფრენი მაღალ სიმაღლეზე ოპერირებისა და მანევრის შესაძლებლობებით გამოირჩევა, რაც, საქართველოს მაღალმთიანი რელიეფის გათვალისწინებით, არსებულ ამოცანებთან სრულად თავსებადი იქნება.

H145-ი წარმოადგენს Airbus-ის ერთ-ერთ უახლეს მოდელს, რომელსაც გერმანიის, შვეიცარიის, საფრანგეთის, კანადისა და სხვა ქვეყნების პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურები წარმატებით იყენებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, ქართულ მხარეს პირველი შვეულმფრენი კონტრაქტის ხელმოწერიდან 17 თვეში გადმოეცემა, ხოლო სამივე საავიაციო ტექნიკა 20 თვემდე პერიოდში საქართველოში იქნება, სრულ საფრენოსნო მდგომარეობაში. კონტრაქტი ახალი შვეულმფრენების შეძენასთან ერთად, პილოტებისა და ინჟინრების გადამზადებას, მარაგი ნაწილების შეძენასა და 3-წლიან საქარხნო გარანტიას მოიცავს", - აღნიშნულია შსს-ს გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღის გადაცემები