რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, შეუძლებელია ბირთვული იარაღის კონტროლის განხილვა მანამ, სანამ უკრაინაში ომი გრძელდება.
მისი მტკიცებით, "დასავლეთის ჩართულობის" იგნორირება არ უნდა მოხდეს.
"ნათელია, რომ დღეს შეუძლებელია სტრატეგიული სტაბილურობის განხილვა, ყველაფერ იმის უგულებელყოფით, რაც ხდება უკრაინაში. უკრაინის მიზანი გაცხადებულია - ეს არის არა უკრაინული დემოკრატიის გადარჩენა, არამედ რუსეთის დამარცხება ბრძოლის ველზე, რუსეთის განადგურება" - განაცხადა ლავროვმა.
მისივე თქმით, აშშ-სგან მხრიდან გულუბრყვილობა იქნება მოელოდეს, რომ რუსეთი განიხილავს სტრატეგიულ ბირთვულ საკითხებს, მაშინ როცა, აშშ რუსეთის განადგურებას ცდილობს.
შეგახსენებთ, რუსეთსა და აშშ-ს New START-ის ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებები 29 ნოემბერს, ეგვიპტეში უნდა დაეწყოთ, თუმცა რუსული მხარის გადაწყვეტილებით, გაურკვეველი ვადით გადაიდო. ხელშეკრულება მხარეებმა 2021 წელს ხუთი წლით, 2026 წლამდე გაახანგრძლივეს. ხელშეკრულების თანახმად, ვაშინგტონსა და მოსკოვს უფლება აქვთ განახორციელონ ინსპექტირება ერთმანეთის ობიექტებზე, მაგრამ „კოვიდ 19“-ის პანდემიის გამო, ინსპექტირება 2020 წლიდან შეჩერებულია. ამერიკული მხარის ინფორმაციით, მოლაპარაკებების გამართვა არსებითია იმ საკითხების გადასაჭრელად, რომლებიც New START-ის ფარგლებში ადგილზე ინსპექტირების განახლებას აფერხებდნენ და მნიშვნელოვანი ნაბიჯია ბირთვული იარაღის კონტროლის შესახებ ახალი შეთანხმების მისაღწევად ოფიციალური მოლაპარაკებებისთვის.