სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა თბილისში გამართულ შეხვედრაზე ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების მნიშვნელობაზე და ჰუმანიტარულ საკითხებზე ისაუბრეს. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის საგარეო უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს. სომხური მედიის ცნობით, არარატ მირზოიანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა სომხური მხარის მოსაზრება, რომ ყარაბაღის კონფლიქტის პოლიტიკურ დარეგულირებას დიდი მნიშვნელობა აქვს რეგიონში სტაბილური და გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევის გზაზე და ამ კონტექსტში ხაზი გაუსვა ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ინსტიტუტის გამოყენების მნიშვნელობას მისი საერთაშორისო მანდატის შესაბამისად.
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა ჰუმანიტარული საკითხების განხილვის მნიშვნელობას, მათ შორის სომეხი სამხედრო ტყვეების გათავისუფლებისა და რეპატრიაციის საკითხებს და დაკარგულთა ბედის გარკვევას.