სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა უფლებადამცველ ორგანიზაციებს, სახალხო დამცველის აპარატის და აკადემიური წრის წარმომადგენლებს დაცვის სპეციალური ღონისძიებების გამოყენების სახელმძღვანელო დოკუმენტი წარუდგინა.
ღონისძიება ევროპის საბჭოს პროექტის - „ადამიანის უფლებების დაცვით საპოლიციო ზომების გატარება საქართველოში" ფარგლებში გაიმართა. სპეციალური საგამოძიებო სამსახური ადამიანის უფლებების დაცვის დამატებითი გარანტიების შექმნის მიზნით აქტიურად მუშაობს. 2022 წლის 24 მაისს, "სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილეს მიენიჭა უფლებამოსილება ზედამხედველ პროკურორს, სისხლის სამართლის საქმეზე პროცესის მონაწილის მიმართ დაცვის სპეციალური ღონისძიებების გამოყენების შესახებ დასაბუთებული წინადადებით წერილობით მიმართოს.
სამართალდამცავების მიერ ჩადენილი შესაძლო არასათანადო მოპყრობის საქმეების ეფექტური გამოძიებისთვის გადამწყვეტად მნიშვნელოვანია პოტენციური დაზარალებულის/მსხვერპლის პირადი ცხოვრების დაცვა, მისი ფიზიკური უსაფრთხოება და გამოძიებაში ჩართულობა, რაც მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღწევა, როდესაც საგამოძიებო ორგანოსა და მსხვერპლს შორის თანამშრომლობა და ნდობა არსებობს. ასევე, ეფექტური გამოძიების მნიშვნელოვანი კომპონენტია საქმის და პროცესის მონაწილეთა დაცვა გარე ფაქტორების და სხვა პირებისგან, რომელთა ინტერესსაც შესაძლოა სამართალწარმოებაში უსაფუძვლო ჩარევა, მსხვერპლსა და საგამოძიებო ორგანოს შორის თანამშრომლობისთვის ხელშეშლა წარმოადგენდეს.
მნიშვნელოვანია, რომ არასათანადო მოპყრობის მსხვერპლს გააჩნდეს ნდობა საგამოძიებო ორგანოს მიმართ და არ განიცდიდეს შიშს, რომ მას საგამოძიებო ორგანოსთან თანამშრომლობის და სამართალდამცავის მხილების შემთხვევაში რაიმე სახის საფრთხე დაემუქრება.
სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი და სათანადო საფრთხის არსებობისას უზრუნველყოს მისი უსაფრთხოება. სამსახურის მიერ შემუშავებული სახელმძღვანელო დოკუმენტის საფუძველზე, ყველა სისხლის სამართლის საქმეში სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი სავალდებულო წესით პოტენციურ მსხვერპლს დაცვის სპეციალურ პროგრამაში ჩართვას შესთავაზებს და მისი თანხმობის შემთხვევაში, წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე სამსახური რისკების შეფასებას მოახდენს. თუკი გამოძიება დაასკვნის, რომ არსებობს დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენების საფუძვლები, იგი ამის შესახებ შესაბამის უწყებებს მიმართავს, რათა დაცვის სპეციალურ პროგრამაში მსხვერპლის დაუყოვნებლივი ჩართვა განხორციელდეს. ეს კი მისთვის პირადი დაცვის დანიშვნას, განგაშზე გამოძახებას, საცხოვრებელი ადგილის დროებით შეცვლას ან მის მიმართ უსაფრთხოების სხვა ზომების გამოყენებას გულისხმობს.
აღსანიშნავია, რომ სამსახურმა ამ მექანიზმის ასამოქმედებლად საჭირო შესაბამისი კითხვარი და მეთოდოლოგია უკვე შეიმუშავა, რომელშიც არასამთავრობო სექტორის, სახალხო დამცველის აპარატის, დარგის ექსპერტების მოსაზრებები და შენიშვნები იქნება ასახული.
საბოლოოდ კი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცდება და პრაქტიკაში ამოქმედება. ევროპის საბჭოს მხარდაჭერით გამართულ შეხვედრას სპეციალური საგამოძიებო სამსახურის, არასამთავრობო ორგანიზაციების, სახალხო დამცველის აპარატისა და აკადემიური წრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.