25.11.2024 | 00:02
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
სტრასბურგის სასამართლოს სადავო პუნქტები [ვიდეო]

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს  ვერდიქტი უკვე მეორე დღეა თბილისში   შეფასების საგანია.  ქართული  მხარე გადაწყვეტილებას  ისტორიულ გამარჯვებად  მიიჩნევს და ამბობს, რომ გამოქვეყნებული დოკუმენტით  საქართველომ რუსეთს  აგვისტოს ომის თემაზე  საერთაშორისო დავა მოუგო. ევროსასამართლოს  261 გვერდიან გადაწყვეტილებაში ასევე წერია, რომ    2008 წლის აგვისტოს ომის  მიმდინარეობისას უფრო კონკრეტულად კი 8-12 აგვისტოს პერიოდში   განვითარებული  პროცესები რუსეთის იურისდიქციაში არ შედიოდა და კრემლს პასუხისმგებლობა მხოლოდ 12 აგვისტოს შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე ეკისრება. ეს  საკითხი კი სამხედრო ექსპერტებისთვის ეჭვებს ბადებს.  ვახტანგ მაისაიას აზრით, შესაძლებელია, რომ  ვერდიქტის ეს ნაწილი  რუსეთმა ჰააგაში მიმდინარე გამოძიების პროცესში მტკიცებულებად წარადგინოს, რისი მეშვეობითაც  კრემლი  შეეცდება დაამტკიცოს, რომ აგვისტოს ომი ეთნიკური კონფლიქტი იყო და ოფიციალური მოსკოვი  ამ პროცესში  მხოლოდ  დახმარების მიზნით ჩაერთო.  

 

 სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების ამ ნაწილს  შესაბამისი ახსნა მოუძებნა   გურამ ნიკოლაიშვილმა. სამხედრო ექსპერტის  აზრით,  კონფლიქტის  მიმდიანრეობის პროცესში  დაფიქსირებული  დარღვევების  დამადასტურებელი  მტკიცებულებების მოპოვება რთულია, რამაც სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე შესაბამისი  გავლენაც მოახდინა.

 

სტრასბურგის  სასამართლოს გადაწყვეტილებას უპრეცედენტოს უწოდებს ლევან ნიკოლეიშვილი. სამხედრო ანალიტიკოსის აზრით, ის ფაქტი, რომ დოკუმენტი  8-დან 12 აგვისტოს  პერიოდს არ ასახავს პრობლემას არ წარმოაგდგენს, რადგანაც რუსეთსა და  საქართველოს შორის არსებული კონფლიქტი გრძელვადიანი პროცესია და ის ახლაც მიმდინარეობს.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების ამ ნაწილზე   ყურადღების გამახვილება არასწორად მიაჩნიათ მმართველ პარტიაში. მეოცნებე ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, ჰუმანიტარული სამართლის პრინციპებიდან გამომდინარე   საომარი მოქმედებების პერიოდში გამოვლენილ დარღვევებზე, ევროსასამართლო კონკრეტულ   გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა. 

 

სტრასბურგის სასამართლოს ვერდიქტის შინაარსს მნიშვნელოვნად მიიჩნევენ პატრიოტთა ალიანსში, თუმცა  პარტიის აღმასრულებელი მდივანი ამბობს, რომ  ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილების მიღების დროს  საქართველოს მიერ წარდგენილი მთავარი საკითხი  არ დაუკმაყოფილა, რაც  8-12 აგვისტოს საკითხს ეხება. ოპოზიური პარტიის წარმომადგენელის აზრით პრიბლემას ისიც წარმოაგდენს, რომ  ევროსასამართლოს  ზედა  პალატის გადაწყვეტილება არ საჩივრდება.

დღის გადაცემები