უკრაინის ხელისუფლებამ ინფორმაცია ქვეყნის საჰაერო სივრცის დაკეტვის შესახებ უარყო და განაცხადა, რომ უკრაინის ცა ფრენებისთვის უსაფრთხოა. ბორისპოლის საერთაშორისო აეროპორტი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს. ინფრასტრუქტურის სამინისტროში კი აღნიშნეს, რომ ზოგიერთი გადამზიდველი სადაზღვევო ბაზრების არასტაბილურობის გამო სირთულეების წინაშე აღმოჩნდა. 30-ზე მეტმა ქვეყანამ თავის მოქალაქეებს ურჩია სასწრაფოდ დაეტოვებინათ უკრაინა. კვირას ეუთოს მისია უკრაინაში დიპლომატიური დაძაბულობის ცენტრში აღმოჩნდა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ორგანიზაციას შესაძლო პროვოკაციის იარაღად იყენებენ, მანამდე გავრცელდა ინფრომაცია, რომ რამდენიმე ქვეყანამ უკრაინიდან დამკვირვებლების გაყვანა დააპირა, ამავე დროს, ეუთო-ს სადამკვირვებლო მისია არ აკონკრეტებს, თუ რომელმა სახელმწიფოებმა გადაწყვიტეს თავიანთი წარმომადგენლების გაყვანა. დღეს კი გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი მოლაპარაკებებს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართავს, სამშაბათს კი რუსეთის ლიდერს ვლადიმერ პუტინს შეხვდება. შოლცის თქმით, უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესია, რომელიც საფრთხეს უქმნის მის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, გამოიწვევს მკაცრ პასუხებსა და სანქციებს, რომლებიც დასავლეთმა საგულდაგულოდ მოამზადა და დაუყოვნებლივ განახორციელებს მოკავშირეებთან და ნატოსთან ერთად.
დღის სიახლეები
უკრაინა - ცა ფრენისთვის უსაფრთხოა [ვიდეო]
მსგავსი
დღის გადაცემები