ევგენი შევჩენკომ, რომელიც საკუთარ თავს უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს "შტატგარეშე აგენტად" მოიხსენიებს, განაცხადა, რომ ბიურომ ინფორმაცია მიიღო, რომ პრეზიდენტის ოფისისა და მმართველი პარტია "ხალხის მსახურის" უმაღლესი თანამდებობის პირები შესაძლოა გარეული იყვნენ ზაპოროჟიეს ოლქში ჰუმანიტარული დახმარების ფართომასშტაბურ მითვისებაში. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
ევგენი შევჩენკო ამტკიცებს, რომ ჰუმანიტარული დახმარების მითვისებაში შესაძლოა ჩართულნი იყვნენ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე კირილ ტიმოშენკო და პარლამენტში "ხალხის მსახურის" ფრაქციის ხელმძღვანელი დავით არახამია.
ევგენი შევჩენკოს თქმით, წინასწარი გამოძიების საიდუმლოების გამო, დანაშაულის დეტალებსა და ფაქტებს საჯაროდ ვერ გაამჟღავნებს.
"თუმცა, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთმა ეჭვმიტანილმა თანამდებობის პირმა (რომელთანაც ჩხრეკა ჩაატარეს და ჰუმანიტარული დახმარების გაყიდვის დოკუმენტაცია ჩამოართვეს), კერძოდ, ზაპოროჟიეს ოლქის თავმჯდომარის მოადგილემ, ზლატა ნეკრასოვამ მაღალი საპასუხისმგებლო თანამდებობა ტიმოშენკოსა და ერმაკის თანხმნობით მიიღო და მას დავით არახამია ლობირებდა", - განაცხადა ევგენი შევჩენკომ.
აღსანიშნავია, რომ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ, კირილ ტიმოშენკომ უარყო აღნიშნული ბრალდება.