უნგრეთი ამ ზაფხულს რუსეთთან ახალ შეთანხმებას დადებს, რომლის მიხედვითაც, ქვეყანა დამატებით 700 მილიონ კუბურ მეტრ რუსულ გაზს მიიღებს, - ამის შესახებ Politico უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის განცხადებაზე დაყრდნობით წერს.
"ჩვენ რუსებთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. ეს შეთანხმება შეიძლება გაფორმდეს ზაფხულში და შემდეგ, ჩვენ უსაფრთხოდ ვიქნებით. უნგრეთს საკმარისი გაზი ექნება", - თქვა ორბანმა.
ახალი ხელშეკრულება იმ 15-წლიანი ხელშეკრულების ერთგვარი დამატება იქნება, რომელიც რუსულ „გაზპრომთან“ უნგრეთმა გასულ წელს გააფორმა. ამ დოკუმენტით, უნგრეთს წელიწადში დაახლოებით 4,5 მილიარდი კუბური მეტრი გაზი უნდა მიეწოდოს.
ამჟამად, უნგრეთი ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყნებს ზამთრისთვის გაზის მარაგის მოცულობით ჩამორჩება. ქვეყნის რეზერვები მხოლოდ 50%-ითაა სავსე, მაშინ როდესაც ევროკავშირის ქვეყნებში საცავების შევსების საშუალო მაჩვენებელი 68%-ია.