უცხოური ენების გამოცდების პირველადი შედეგები გამოქვეყნდა. აღნიშნულ ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
"შედეგის გასაგებად გადადით ბმულზე: https://online.naec.ge/ueereg/entrants/entrantsdefault.aspx და შესაბამის ველში მიუთითეთ პირადი თერთმეტნიშნა ნომერი და ხუთნიშნა პაროლი.
პირად გვერდზე გამოსაცდელს ექნება საკუთარი ნაშრომის ასლისა და კონკრეტულ საგანში მიღებული პირველადი, "ნედლი" ქულის ნახვის შესაძლებლობა.
შეფასებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადების მიღება დაიწყება ყველა შედეგის გამოქვეყნების შემდეგ.
უცხოური ენების ტესტის მაქსიმალური ქულაა 80. აბიტურიენტს საგამოცდო საგანი ჩაბარებულად ჩაეთვლება, თუ ქულათა გათანაბრების შემდეგ მისი ქულა გახდება ამ საგნისათვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 20%-ზე მეტი. მნიშვნელოვანია, რომ გათანაბრების შედეგად ზღვრის გადალახვის შანსს ინარჩუნებენ ის აბიტურიენტებიც, რომელთა პირველადი ქულა მინიმალური კომპეტენციის ზღვარზე ნაკლებია, მაგრამ მასთან ახლოსაა", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.