პოლიტიკური შეცდომა თუ გამიზნული ქმედება. "ნაციონალური მოძრაობა" დანარჩენი ოპოზიციის ინიციატივას არ უერთდება და გაურკვეველ მიზეზებს ასახელებს. ყოფილი ხელისუფლების განმარტებამ კრიტიკა დაიმსახურა პოლიტიკური პარტნიორების მხირდან. სააკაშვილის გუნდის განწყობები კითხვებს უჩენს ოპოზიციის გარკვეულ ნაწილს. მათთვის ყოფილი და მოქმედი ხელისუფლებების პოზიცია ერთმანეთს საეჭვოდ ემთხვევა.
მიღებული გადაწყვეტილების ახსნა უჭირთ "ნაციონალურ მოძრაობაში". ნიკა მელიას მიერ გაჟღერებულმა პოზიციამ მისი თანაპარტიელები უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა. ის, რომ პარლამენტში ლილუაშვილის მისვლას მხარს არ უჭერენ თითქმის ყველამ დაადასტურა, თუმცა დამოკიდებულება ერთმანეთისგან განსხვავებულად ახსნეს. მელიამ ერთ-ერთ მიზეზად მაჟორიტარობის კანდიდატების რეგიონებში გადანაწილება და დროის სიმწირე დაასახელა.
საგანგებო სხდომის ჩანიშვნის მიმართ დამოკიდებულებაც ერთი აქვთ და ახსნის სტილიც მმართველ პარტიასა და "ნაციონალურ მოძრაობაში". ყოფილი და მოქმედი ხელისუფლებების თავმჯდომარეების საუბრის პათოსი ამჯერადაც ერთნაირი აღმოჩნდა. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების შეხვედრები დაასახელეს მოუცლელობის მიზეზად სახელისუფლებო გუნდშიც. ლილუაშვილის მოსმენის საჭიროებას არ უარყოფს კახა კუჭავა, თუმცა პარლამენტის თავმჯდომარე არჩევნებამდე სესიის დანიშვნას კატეგორიულად გამორიცხავს.
საპარლამენტო ფორმატში გრიგოლ ლილუაშვილის დაბარებასა და მის გამოკითხვას მიესალმებიან "პატრიოტთა ალიანსში" თუმცა განმარტავენ, რომ ახლა მსგავსი ინიციატივა მნიშვნელოვან ცვლილებებს ვერ გამოიწვევს.თბილისის მერობის კანდიდატის გიორგი ლომიას თქმით, დადასტურდა, რომ სუსი უსმენს ყველას, არა ქვეყნის უსაფრთხოების, არამედ საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა პროფესიის ადამიანების დაშანტაჟების მიზნით.
სუს-ის ხელმძღვანელი, გრიგოლ ლილუაშვილი დუმილს აგრძელებს. კომფორტის ზონიდან მისი გამოყვანისთვის კი ოპოზიციას მხარდამჭერთა რიცხვი არ ჰყოფნის.