ფინანსთა სამინისტრო აზარტული თამაშების წინააღმდეგ კანონმდებლობის კიდევ უფრო გამკაცრებას არ გამორიცხავს, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუამ განაცხადა.
დუნდუას თქმით, აზარტული თამაშების შეწყვეტასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივამ შედეგი გამოიღო.
"დაახლოებით მილიონ-ნახევარი ადამიანია, რომელიც არ არის ჩართული და გამოეთიშა ამ მავნე პროცესს. ეს მილიონ-ნახევარი ადამიანი არის სამუშაო ეკონომიკური ძალა, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და ეკონომიკური აქტივობის გაძლიერებას. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი პრობლემის მოგვარება, რასაც ჰქვია თამაშდამოკიდებულების მძიმე სენი. გარდა ამისა, ამ რიცხვში შედის დაახლოებით 2 000 ადამიანი, რომელმაც საკუთარი სურვილით ან სასამართლოს გადაწყვეტილებით გამოეთიშა ამ პროცესს.
რა თქმა უნდა, მთავრობა აკვირდება პროცესს და ამ მიმართულებით პოზიტიური ნაბიჯებია, რომლებიც მიმართული იქნება საზოგადოების მაქსიმალური დაცვისკენ ამ მავნე პროცესისგან. შეიძლება მოხდეს მალე, შეიძლება დაყოვნებით, მაგრამ გაუმჯობესდება კანონმდებლობა, რომ საზოგადოება იყოს დაცული და ეკონომიკა უფრო ეფექტიანად იყოს წარმართული. დამერწმუნეთ, აზარტული თამაშების შეზღუდვა და მოქალაქეების ხსნა ამ პროცესისაგან ეკონომიკის განვითარებას ნამდვილად უწყობს ხელს", – განაცხადა მიხეილ დუნდუამ.