საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რამდენიმე სააათის განმავლობაში მსჯელობდნენ. პროექტი, რომელიც დეპუტატების წინაშე შალვა პაპუაშვილმა წარადგინა 14 სარეფორმო პუნქტს მოიცავს, რომელთაგან 7 პუნქტი არცერთ მემორანდუმი არ იყო გათვალისწინებული. ცესკოს წევრების არჩევა, საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირების საკითხი, ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვა, მაჟორიტარული სისტემის შეკვეცა -ეს ის არასრული ჩამონათვალია, რმელზეც დეპუტატები მსჯელობდნენ. ახალი კანონპროექტის მიხედვით 17 წევრიანი საარჩევნო კომისიიდან 8 იქსირებული წევრია, 9 - კი პარტიების მიერ დანიშნული წევრი იქნება. საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით კონკრეტული შეკითხვები ჰქონდათ დეოუტატებს.
საკითხზე განცხადება გააკეთეს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ -ს წარმომდგენლებმაც.
"საარჩევნო კომისიებში პოლიტიკური პარტიების მიერ წევრების დანიშვნის წესი ერთი პარტიის - „ევროპელი სოციალისტების” სასარგებლოდ და მეორე პარტიის - „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” საზიანოდ არის შეცვლილი, რაც პრინციპულად არასწორი და არასამართლიანია. პოლიტიკური შეთანხმების თანახმად, თითოეულ საარჩევნო კომისიაში 17 წევრიდან 9 წევრი პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა დანიშნონ. ამასთანავე, ერთ პარტიას მხოლოდ ერთი წევრის დანიშვნის უფლება უნდა ჰქონდეს. ეს ჩანაწერი იმიტომ გაკეთდა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში 1%-იანი ბარიერი 9 საარჩევნო სუბიექტმა გადალახა, შესაბამისად, თითო სუბიექტს თითო წევრი უნდა დაენიშნა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ მიღებული ცვლილებებით, ეს წესი არის გათვალისწინებული, თუმცა მასში შევიდა ერთი დაზუსტება, რომელიც პირდაპირ მოერგო „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო სიით პარლამენტში შესული წევრების მიერ შექმნილ ახალ პარტიას - „ევროპელ სოციალისტებს“.
ამ დაზუსტების მიხედვით, პარტია კარგავს საარჩევნო კომისიებში წევრის დანიშვნის უფლებას, თუ მის მიერ გაყვანილი ყველა პარლამენტარი დატოვებს ამ პარტიას და სხვა პარტიაში გაწევრიანდება. ასეთ შემთხვევაში, ამ ახალ პარტიას გადაეცემა კომისიის წევრების დანიშვნის უფლება. აღნიშნული ჩანაწერით, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ დაკარგავს ამ უფლებას, რომელიც „ევროპელ სოციალისტებს“ გადაეცემა. გარდა იმისა, რომ ასეთ დებულებას პოლიტიკური შეთანხმება არ ითვალისწინებს, პრინციპის დონეზეც არასამართლიანი და არასწორია ერთი პარტიის „დასჯა“ იმის გამო, რომ პარლამენტში შესვლაზე უარი თქვა -ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ -ს განცხადებაში.