2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო უბნები დილის რვა საათიდან გაიხსნა. ქვეყნის მასშტაბით 3 657 საარჩევნო უბანია გახსნილი. საკუთარი არჩევანი გააკეთა ბიძნა ივანიშვილმა. ქართული ოცნების თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტში სოლიდური უმრავლესობით იქნება წარმოდგენილი. ივანიშვილმა მოქალაქეებს მოუწოდა საარჩევნო უბნებთან მივიდნენ და საკუთარი არჩევანი გააკეთონ. ექსპრემიერ-მინისტრის თქმით მან ხმა საქართველოს ევროპულ მომავალს მისცა.
მთაწმინდის საარჩევნო ოლქის მესამე უბანზე იმყოფებოდა საქართველოს პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მან ხმა დემოკრატიულ მომავალს მისცა. პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზეც, რომ საარჩევნო უბნებზე ყველა წესები და ჰიგიენური ნორმები დაცულია.
მთაწმინდის საარჩევნო ოქლის მეხუთე უბანზე გააკეთა საკუთარი არჩევანი პრემიერ-მინისტრმა. გიორგი გახარია 42-ე საჯარო სკოლაში მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მან ხმა მომავალს მისცა, ვინაიდან წარსულში დაბრუნება ვერ წარმოუდგენია. გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ წინასაარჩევნო გარემო დემოკრატიულ მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებდა.
არჩევნებში ხმის მისაცემად საირმის 64-ე საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა დედაქალაქის მერი. კახა კალაძე არჩევანის გასაკეთებლად უფროს ვაჟთან ერთად იმყოფებოდა. ქართული ოცნების გენერალურ მდივანს ნახევარ საათზე მეტ ხანს მოუწია რიგში ყოფნა, რის შემდეგაც საარჩევნო უბანზე ყველა პროცედურა გაიარა და საარჩევნო ბიულეტინი შვილთან ერთად ჩააგდო. ხმის მიცემის შემდეგ კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა, რომ ის ქართული ოცნების გამარჯვებაში დარწმუნებულია და იმედი აქვს, რომ მმართველი გუნდი ყველა ოლქში გამარჯვების მოპოვებას შეძლებს და მეორე ტურის საჭიროება არ იქნება. კალაძის განცხადებით დესტრუქციული პოლიტიკური ძალები გარკვეულ არეულობებს გეგმავენ, რაც კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება.
საკუთარი არჩევანი გააკეთა მეცხრე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარემ. არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ ხმა მისცა იმ პოლიტიკურ გუნდს, რომელსაც დემოკრატიული მართვა და ქვეყნის შემდგომი განვითარების უზრუნველყოფა შეუძლია. მისივე თქმით, ყველა ავტორიტეტული კვლევით,"ქართული ოცნების" მხარდაჭერა სხვადასხვა რეგიონში 55-დან 60 პროცენტამდე იყო.
მოსახლეობა მე-10 მოწვევის პარლამენტს ირჩევს. 150 წევრიან პარლამენტში 120 პროპორციული წესით, ხოლო 30 - მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძელზე იქნება არჩეული. საქართველოს მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება 48 პარტიასა და 2 საარჩევნო ბლოკს შორის უწევს. საარჩევნო უბნები მთელი ქვეყნის მასშტაბის 20 საათზე დაიხურება, რის შემდეგაც ხმების დათვლის პროცედურა დაიწყება.