ქვეყანა სრული სიღატაკის ზღვარზეა - ხელისუფლება პოლიტიკურ კინკლაობაში ისე გაერთო, რომ ფაქტობრივად ჩამოშლილი ეკონომიკა დაავიწყდა. 8 ბიზნეს ასოციაცია მთავრობის ადმინისტრაციას ერთობლივ განაცხადებას უგზავნის.ბიზნესის წარმომადგენლები ხელისუფლებას უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეებისა და მძიმე პოლიტიკურ-ეკონომიკური ვითარებიდან თავის დაღწევის გეგმას სთავაზობენ.
ევროკავშირის საქართველოს ბიზნეს საბჭოს პრეზიდენტი იმ ოთხ ძირითად კომპონენტს ასახელებს, რომელიც ეკონომიკის აღდგენისთვისაა აუცილებელი. გიორგი კაჭარავა ხელისუფლების მხრიდან კონსულტაციების გააქტიურებას ელოდება. სექტორის წარმომადგენელი განმარტავს, რა შედეგამდე მივა ქვეყანა იმ შემთხვევაში თუ სახელმწიფომ მოთხოვნები არ გაიზიარა. კაჭარავა არ უარყოფს, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან ბიზნესის დახმარებისთვის მცდელობები იყო, თუმცა შედეგებიდან გამომდინარე ეფექტური არც ერთი არ აღმოჩნდა.
სარესტორნო სექტორი გადაიჩეხა - ასე აფასებს რესტორატორი არსებულ ვითარებას. კოტე გაბრიჭიძის განცხადებით, დაწესებულებების 80 %- მა რეგულაციების შემსუბუქების შემდეგ მუშაობის განახლება ვერ შეძლო. რესტორატორი ხელისუფლებისგან კონკრეტულ პროგრამებს ელოდება, წინააღმდეგ შემთხვავაში ვითარების კიდევ უფრო დამძიმებას პროგნოზირებს.
ხელისუფლება კუნთებზე ყურებას უნდა მოეშვას და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე იზრუნოს - ასე აფასებენ ქვეყანაში არსებულ მძიმე რეალობას ეკონომისტები. ირაკლი მურცხვანიძის განცხადებით, ბიზნეს ასოციაცია მიხვდა, რომ ხელისუფლება მათი გასაჭირით არ ინტერესდება და ამ განცხადების სახით მთავრობას გაფრთხილება გაუგზავნა.
ვაქცინის დროული შემოტანა და პოლიტიკური კრიზისის დროული განმუხტვა, ეს ის ორი მთავარი მოთოვნაა, რომელიც ბიზნეს ასოციაციას აქვს. თუმცა, ჯერ-ჯერობით არცერთ პრობლემას მოგვარების გზა არ უჩანს, რადგან ფაქტია, რომ ხელისუფლება ჯერ კიდევ პოლიტიკური რინგის ხიბლშია და ეკონომიკური კრიზისის აღმოსაფხვრელად ვერ იცლის.