27.11.2024 | 20:48
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ქოლცენტრების საქმეზე კეზერაშვილის ბიზნესპარტნიორის ოფისში ჩხრეკა ჩატარდა

ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ტრანსნაციონალური გამოძიების ფარგლებში საქართველოსა და სხვა სამი ქვეყნის ტერიტორიაზე სპეციალური ღონისძიებები ჩატარდა. გენერალურ პროკურატურაში დღეს ქართველ სამართალდამცველებთან ერთად დანაშაულის დეტალებზე საქმეში ჩართულმა გერმანელმა პროკურორმაც ისაუბრა.

"საქართველოს პროკურატურის და 7 ქვეყნის კომპეტენტური უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ევროჯასტის მხარდაჭერით შექმნილი საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის მიერ, ერთდროულად სამი ქვეყნის - საქართველოს, ალბანეთის და ჩრდილოეთ მაკედონიის ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი ღონისძიება ჩატარდა.

ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პოლიციის, პროკურატურის და საქართველოს პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს,სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე საგამოძიებო მოქმედებები ათეულობით ლოკაციაზე ჩაატარეს.

ფართომასშტაბიან ღონისძიებაში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის 60 და საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების 300-მდე თანამშრომელი მონაწილეობდა.

ღონისძიების ფარგლებში, განხორციელდა ხუთი ე.წ. ქოლცენტრის, ათეულობით ფიზიკური პირის, მათი საცხოვრებელი ბინების, ავტომანქანების და სამუშაო ადგილების ჩხრეკა. ამოღებულია ასეულობით ელექტრონული მატარებელი, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა. ათეულობით ობიექტიდან გამოთხოვილია ელექტრონული ინფორმაცია. ამავდროულად ყადაღა დაედო სავარაუდოდ დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ ქონებებს და საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ თანხას" - განაცხადეს გენერალურ პროკურატურაში დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.

ირკვევა, რომ საერთაშორისო გამოძიების ფარგლებში ჩხრეკა ჩატარდა ვაკეში, აქსის თაუერში მდებარე ოფისებშიც, რომელიც ბიზნესმენ იოსებ მგელაძის მფლობელობაშია. თავის მხრივ, იოსებ მგელაძე თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ბიზნესპარტნიორია. ის წლების განმავლობაში მართავს კეზერაშვილის ოჯახთან დაკავშირებულ კომპანიებს. მგელაძე გახლავთ ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული SOBBIA HOLDINGS CORPORATION-ის დირექტორიც, რომლის ოფშორულ აქტივები, "პანამა ფეიფარსის“ მონაცემებით დავით კეზერაშვილის მფლობელობაშია.

იოსებ მგელაძის სახელი ფიგურირებს "საერთაშორისო გამჭირვალეობის" მიერ 2013 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშიც, სადაც ხაზგასმულია დავით კეზერაშვილთან დაკავშირებულ ოფშორულ კომპანიებში იოსებ მგელაძის, როგორც კომპანიების დირექტორის როლი.

დღის გადაცემები