მნიშვნელოვანია ახალი სახალხო დამცველი იყოს ადამიანი, რომელიც არ იქნება პოლიტიკური აქტივისტი. ვფიქრობ, ეს არამხოლოდ უმრავლესობისთვის, არამედ ოპოზიციისთვისაც არის კრიტერიუმი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სახალხო დამცველის კანდიდატებზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციამ სახალხო დამცველის პოსტზე 19 კანდიდატურიდან მინიმუმ 7 უნდა შეარჩიოს, რომელიც შემდგომში განხილვის საგანი იქნება.
"ვნახეთ, რომ არ არსებობდა არცერთი კრიტიკული შენიშვნა შერჩევის პროცედურასთან დაკავშირებით. იყო ეჭვი 9-კაციანი ჯგუფი როგორ შედგებოდა, ნახეთ, რომ აქაც არანაირი კითხვის ნიშანი აღარ დარჩა და სრული კონსენსუსით შედგა შემფასებლების 9-კაციანი ჯგუფი. ჩვენ გამოცდილება გვაჩვენებს, რომ პროცედურა მიდის გამჭვირვალედ, ღიად და ობიექტურად. ჯერი ახლა არის ოპოზიციაზე, რომ 19 შესაძლო კანდიდატიდან შეარჩიონ მინიმუმ 7, რომელიც შემდეგ იქნება განხილვის საგანი.
მნიშვნელოვანია ეს იყოს ადამიანი, რომელიც არ იქნება პოლიტიკური აქტივისტი. ვფიქრობ, ეს არამხოლოდ უმრავლესობისთვის, არამედ ოპოზიციისთვისაც არის კრიტერიუმი. მის მიუკერძოებლობაში ეჭვის შეტანა შეუძლებელი უნდა იყოს, ეს დამოკიდებულება ცხადად არის გამჟღავნებული. გვინდა იყოს რაც შეიძლება ობიექტური ადამიანი ამ პოზიციაზე, რაც მიგვიყვანს დადებით შედეგამდე" - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.