მე, შემდეგ, ავუხსენი პრეზიდენტს, რომ ჩვენ რამე ოფიციალური მოწვევა უკრაინის პარლამენტისგან არ გვქონია. ამიტომ, ეს სწორ ინფორმაციაზე დაყრდნობით, არ იყო. მე საჯაროდაც არაერთხელ განვმარტე, ჩვენ ოფიციალური მოწვევა არ გვქონია უკრაინის რადასგან, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველოს პარლამენტს უკრაინის რადადან მოწვევა არ მისვლია. მისი თქმით, როგორც ჩანს, უკრაინის პრეზიდენტმა არ ჩათვალა საჭიროდ, სურვილის მიუხედავად, მიეწვია საქართველოს პრეზიდენტი.
"დღეს გავიგეთ, რომ პრეზიდენტსაც არ მისვლია მოწვევა. მას სურდა ჰქონოდა მოწვევა, მაგრამ, როგორც ჩანს, უკრაინის პრეზიდენტმა არ ჩათვალა საჭიროდ, რომ მიეწვია საქართველოს პრეზიდენტი. ჩვენ მოწვევა არ გვქონია და იყო მეგობრობის ჯგუფის დონეზე პირადი მიწვევა სხვადასხვა ფორმატებზე. ამ აჟიოტაჟის შემდეგაც გვქონდა ჩვენ კომუნიკაცია ჩვენს კოლეგებთან, რადაში. პირიქით, ისინი გამოვიდნენ ჩვენთან კონტაქტზე, რა ხდება, რატომ იყო ეს აჟიოტაჟი ამ საკითხთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ, რაიმე ოფიციალური მოწვევა არ ყოფილა, იყო ცალკეული მეგობრობის ჯგუფების ფორმატში და, ასე ვთქვათ, შეთავაზებები, მაგრამ არ ყოფილა ეს ოფიციალური. უპრეცედენტო მასშტაბის აგრესიას ვაკვირდებით ყველა. ეს არის ისეთი ტკივილი, რომელსაც ახლა უკრაინელი ხალხი განიცდის, ისეთი ომი, რომელშიც უკრაინელი ხალხი არის და ამის დაყვანა ასეთ საკითხამდე, რომ ვინ, სად დადგება და სად გადაიღებს "სელფის", ეს უბრალოდ არ არის სწორი და მართალი საქციელი. კიდევ ერთხელ, ჩვენ ჩვენს კოლეგებთან გვაქვს კომუნიკაცია მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი წყენა და ამაზეც ვსაუბრობთ ხოლმე. კიდევ ერთხელ, ვიდრე უკრაინა არის ამ უსამართლო ომში, ჩვენი სოლიდარობა უკრაინასა და უკრაინელი ხალხის მიმართ არის უპირობო", – განაცხადა პაპუაშვილმა.